ერევანში 240 კილოგრამიანი სომხური დესერტი “გატა” მოამზადეს

კონდიტერებს, რომლებმაც გამვლელების გასამასპინძლებლად 40-მეტრიანი გატა მოამზადეს, მიაჩნიათ, რომ მათ გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსიც აქვთ.

ერევნელებს და ქალაქის სტუმრებს დღეს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ყველაზე გრძელი გატა, რომელიც ოდესმე უნახავთ; 240-კილოგრამის წონის, 40 მეტრი სიგრძისა და 40 სმ-ის სიგანის დესერტს 30 კონდიტერი აცხობდა. ცხობის პროცესი 2 დღეს გრძელდებოდა, სამზადისი კი – ერთ კვირას.

გატა – სომხური ეროვნული ტკბილი ნამცხვარი, რომლის გულიც გამდნარი კარაქის, შაქრისა და ფქვილისგან მზადდება. ძველ დროში გატა სუფრაზე დღესასწაულებზე ჩნდებოდა, ახლა კი ის ყოველდღიურ ტკბილეულად იქცა. თანაც, მას ძველად სხვადასხვა პროვინციაში თავისებურად ამზადებდნენ: ზოგან – მრგვალს, ზოგან კი – სამკუთხედს ან კვადრატულს, ანდა – ნახევარმთვარის ფორმითაც კი. გატას ზომა ასევე განსხვავებული იყო.

ზოგიერთი ეთნოგრაფი ირწმუნება, რომ გატა ოჯახის სიმყარის სიმბოლოა, ამიტომ ქორწილებში გატით ხელში ცეკვავენ.

„ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრადიციული ნამცხვარი ავირჩიეთ – გატა. ვცდილობთ, რომ ჩვენი ეროვნული სამზარეულო ყოველთვის ორიგინალური საშუალებით წარვადგინოთ და გამონაკლისი არც გატა იყო. გატის ტრადიციულ გულს – გამდნარი კარაქის, ფქვილისა და შაქრის გარდა, ჩირი და ნუში დავუმატეთ“, – ჰყვება იმ კულინარიული კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ყველაზე გრძელი გატა მოამზადა.

მისი მომზადების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ამ გატას გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსი აქვს. დღეს კი ის ბევრს ერთ-ერთი ტრადიციული სომხური დესერტის დაგემოვნებაში დაეხმარა.

jam-news.net

 

Leave a Reply