აღდგომა სომხეთში, დღესასწაულის ევოლუცია და მისი აღნიშვნის წესები

წელს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ 1 აპრილს აღნიშნა იესო ქრისტეს “სასწაულებრივი” აღდგომა. წმიდა აღდგომის დღესასწაულს ზატიკი ეწოდება, რაც სულიერ გამოცოცხლებას, ცოდვებისაგან თავის დახსნას და უფალთან დაბრუნებას ნიშნავს. აღდგომა ძველი და ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას, მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება.

სვეტლანა პოღოსიანი

ეთნოგრაფ სვეტლანა პოღოსიანის განმარტებით, აღდგომა სათავეს ხალხური ადათ-წესებიდან იღებს, იგი წელიწადის დროების გამოყოფის, ბუნების გამოღვიძების, ხელახალი სიცოცხლის დღესასწაულია. მისი სიტყვებით, აღდგომის ზეიმის ტრადიცია დროთა განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. თუმცა, კომუნისტური რეჟიმის დროს, როცა ყველაფერ რელიგიურს ძლიერი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული, სომხეთის სიუნიქისა და ზანგეზურის რაიონების მოსახლეობა, საკმაოდ დაშორდა აღდგომის ტრადიციებს და მათთვის აღდგომა მხოლოდ კვერცხის შეღებასთან ასოცირდებოდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, მოსახლეობა რელიგიურად გათვითცნობიერდა, ხალხმა აღადგინა გაუფერულებული ტრადიციების ელემენტები. ამჟამად, სააღდგომო სუფრა თითქმის უცვლელადაა შემონახული, თუმცა დავიწყებულია სოფლებში გავრცელებული მხიარულება, მასობრივი სიმღერები და ცეკვები, კვერცხების შეჯიბრება, სხვადასხვა თამაშები, სტუმრიანობა და ერთმანეთისთვის მილოცვა.

წინათ, თემის მოსახლეობა დიდი სიხარულით ელოდა აღდგომას, ფულს აგროვებდა და შესაწირ ცხოველს ან ცხოველებს ყიდულობდა, ცხვარს ან ძროხას თემის მრავალრიცხოვანების მიხედვით არჩევდნენ. საქონელი იკვლებოდა და იხარშებოდა შაბათ დღეს, ხოლო კვირა დილით მღვდლის ცოლი უკვე მომზადებულ შესაწირს სახლებში ჩამოურიგებდა მოსახლეობას. აუცილებელი იყო, რომ სააღდგომოდ შეწირული ხორცი ყველას დაეგემოვნებინა. იმ ოჯახში, სადაც ახალი მიცვალებული ჰყავდათ, კვერცხებს არ ღებავდნენ, მაგრამ ნათესავებს მიჰქონდათ მათთვის შეღებილი კვერცხები.

კვერცხების შეჯიბრება, სააღდგომო ზეიმის სახალისო და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ვისი კვერცხიც გაიმარჯვებდა, მას თან უნდა წაეღო დამარცხებულის გატეხილი კვერცხი. თუ ამ მოვლენას სიღრმისეულად განვიხილავთ, რადგან კვერცხი მიკროკოსმოსია, გამარჯვებული ეუფლება დამარცხებულის მიკროკოსმოსს.

აღდგომა ოჯახურ დღესასწაულად ითვლება და ყველა ოჯახში ტრადიციულად აღინიშნება, რაც მეტწილად, საკვებთანაა დაკავშირებული. სააღდგომო მაგიდას ხშირად ამშვენებს სპეციალური სუფრა, ჯეჯილი, რომელიც დღესასწაულის წინ მოჰყავთ, ბრინჯის ფლავი ჩამიჩით, მდინარის თევზი-ქრისტიანობის სიმბოლო, სხვადასხვა სახის ფხალეული და მწვანილი, ქადა, ჰალვა, დაწნული ნამცხვარი „კათნაჰუნძ“ და წითელი ღვინო.

არსებობს ვერსიაც, რომ სომხები აღდგომას  შაბათ დღეს აღნიშნავენ, რადგან არ დაელოდნენ, რომ საკუთარი თვალით ენახათ უფლის აღდგომა.

ამჟამად, დაკარგულია სააღდგომო ტრადიციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი- ერთმანეთის დახმარება. ადრე, თითოეული ოჯახი სააღდგომო სუფრის ნაწილს ავადმყოფებს, ან გაჭირვებულ ოჯახს აძლევდა. ის ოჯახი იდგა ფეხზე მყარად, ვისაც შეეძლო სხვისთვის გაენაწილებინა სააღდგომო საკვები. ახლა ეს ტრადიცია მივიწყებულია, ყველა საკუთარ ოჯახზე ფიქრობს. „იმატა გაჭირვებამ, მაგრამ ადამიანების მიერ ერთმანეთის დახმარებამ იკლო. აღდგომის აღნიშვნისას კარგი იქნება თუ მეტი ყურადღება მიექცევა ადამიანურ ურთიერთობებს, ვიდრე ფორმალურ მხარეს“, -ხაზს უსვამს ეთნოგრაფი სვეტლანა პოღოსიანი.

აღდგომის აღნიშვნის ქრისტიანული წესის შესახებ მამა შმავონ ღევონდიანი ყვება, რომ აღდგომა იესო ქრისტეს მიერ განვლილი ცხოვრების გახსენებაა, რომელსაც ყოველ წელიწადს ვიხსენებთ. ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე მოვიდა ამქვეყნად, იცხოვრა, გაანათლა ხალხი, განკურნა ისინი, მოახდინა მრავალი სასწაული და ბოლოს იერესულიმში ბზობის შემდეგ, იუდას მხრიდან გაყიდული, ჯვართ ეცვა. იგი დამარხეს საფლავში, მაგრამ მესამე დღეს აღსდგა, რითაც დაადასტურა რომ სიკვდილი ვერ იბატონებს ხალხზე. მან თავისი ჯვარცმით გაათავისუფლა სულები, რომლებიც ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ მის მოსვლამდე, მან თავის თავზე აიღო კაცობრიობის ცოდვები და იხსნა ხალხი მსხვერლთშეწირვისაგან. მომავალ თაობებს აჩვენა, რომ ადამიანს შესწევს აღდგომის, ანუ სულიერი ცვლილების უნარი, თუ ირწმუნებს იესო ქრისტეს აღდგომას.  მან ხალხს დაუბარა, რომ უყვარდეთ ერთმანეთი.

მამა შმავონ ღევონდიანის სიტყვებით, აღდგომის საიდუმლოება ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, იგი არ შეიძლება შემოიფარგლოს მაგიდასთან აღნიშვნით, სუფრითა და საკვებით. უფლის რწმენა სულიერია და იგი სულიერ პატივისცემას ითხოვს. თუ სულით არა გვწამს, მაშინ ყველაფერი უაზრობაა. რწმენა ეკლესიასთან ყოფნით უნდა გამოიხატებოდეს. პირველ რიგში ადამიანი მზად უნდა იყოს ეკლესიაში წასასვლელად.

აღდგომის წინა საღამოს ეკლესიებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება. ამბიონიდან მღვდელთმსახური აცხადებს, რომ ქრისტე აღსდგა. იგი მოუთხრობს მრევლს, ქალებმა როგორ ნახეს ცარიელი საფლავი, მიხვდნენ რომ იესო ქრისტე აღდგა და ეს ამბავი გადასცეს მოციქულებს, მათ კი ხალხში გაავრცელეს. როდესაც მღვდელი ამბობს „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ და მრევლი პასუხობს, „კურთხეულია ქრისტეს აღდგომა!“ -ეს არის გაკვირვებულ და აღფრთოვანებულ მოციქულთა სააღდგომო მისალმების გახსენება. გახსენება იმ მოვლენისა, როცა ისინი ერთმანეთს შესძახოდნენ: „ქრისტე აღსდგა“, „ჭეშმარიტად აღსდგა!“, დადგა დღესასწაული.

წმინდა სარგისის სახელობის ეკლესია

„ამ სასიხარულო ცნობით გაბრწყინებული ჭეშმარიტი ქრისტიანი საკურთხევლიდან გამოტანილ ცეცხლზე ანთებული სანთლებით უნდა დაბრუნდეს ოჯახში, მიუტანოს ოჯახის წევრებს იესო ქრისტეს აღდგომის სასიხარულო ცნობა და მოჰფინოს ნათელი ოჯახს, სადაც იზრდებიან ბავშვები და რომლებიც სწორი, ქრისტიანული სულისკვეთებით უნდა აღიზარდონ,“ – მამა შმავონ ღევონდიანი.

ჩვენი მთელი ცხოვრება მზადებაა იმქვეყნიური ცხოვრებისათვის. მთელი ცხოვრების მანძილზე, იგი მოკლეა თუ გრძელი, ჩვენი საქმეებითა და ცხოვრების ხარისხით უნდა ვეცადოთ, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენი სულები ქრისტეს მეორედ მოსვლით აღდგნენ სასუფევლის დასამკვიდრებლად და არა დასასჯელად განკითხვის ჟამს.

ნინო სპანდერაშვილი

Leave a Reply