აზერბაიჯანელი და სომეხი სასულიერო ლიდერების მორიგი შეხვედრა

ექვსი წლის შემდეგ სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო ლიდერები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ.

შეხვედრა 8 სექტემბერს შედგა და მისი ინიციატორი რუსეთის პატრიარქი კირილე იყო.

სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის  სასულიერო ლიდერების პირველი შეხვედრა 1993 წელს შევეიცარიაში შედგა, ხოლო ბოლო 2011 წელს. გარდა ამისა, 2003 – 2004 წლებში მოსკოვში სასულიერო ლიდერთა ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველო, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობდა.

სააგენტო tert.am – ის განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღის  მუდმივი წარმომადგენლობის საპარლამენტო მრჩევლის გარნიკ ისაგულიანის თქმით „ყველა შემთხვევაში სასულიერო ლიდერების შეხვედრას დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია, მათ შეხვედრას უარყოფითი გავლენა პროცესზე ვერ ექნება.”

გარნიკ ისაგულიანი აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანია სასულიერო ლიდერების მუშაობა თავიანთ საზოგადოებებთან. მე არ ვფიქრობ, რომ მათ პოლიტიკური ან სამხედრო გადაწყვეტილების მიღბა შეუძლიათ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაშაზადემ და ჩვენმა უწმინდესმა თავიანთ საზოგადოებას მშვიდობისკენ მოუწოდონ“.

8 სექტემბერს, მოსკოვში გამართული ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის  შემდეგ რეგიონის 3 ქვეყნის სასულიერო ლიდერებმა – სომეხთა კათოლიკოს პატრიარქმა გარეგინ მეორემ, მოსკოვის  სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ შემდეგი საერთო განცხადება გააკეთეს:

“დღეს ჩვენ აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხების სასულიერო ლიდერები პატრიარქ კირილეს მოწვევით, ისევ შევხვდით მოსკოვში რათა განვიხილოთ მთინაი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზები, რომელთა გარეშე შეუძლებელია კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ  სამშვიდობო დიალოგის მუდმივ განვითარებას, მოლაპარაკებების გაგრძელებასა და საერთაშორისო საზოგადოების შუამავლურ ძალისხმევას, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ კონფლიქტის სრულყოფილ დარეგულირებაში.”

საერთო განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხები მეზობელი ერებია და შესაბამისად, მუდმივად ერთად მოუწევთ თანაცხოვრება. ამიტომ, არ არსებობს სხვა ალტერნატივა, ვიდრე მშვიდობა და თანამშრომლობა.

“ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა ჰუმანიტარული პრობლემის სწრაფად გადაჭრისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply