საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს

2017 წლის 24 აპრილს სრულდება ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის, თავისვე ისტორიულ სამშობლოში, სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი განადგურების -გენოციდის 102-ე წლისთავი.

1915–1923 წლებში განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2,000,000 -ზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა.

თურქეთის ხელისუფლების მიერ 1915–1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდი -დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე. ჯერ კიდევ 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდნენ, რომლითაც თურქეთში მიმდინარე სომეხი ერის განადგურებას „კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ახალ დანაშაულს“ უწოდებდნენ. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები იყო განხილული 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. სომეხთა გენოციდის დამამტკიცებელია ასევე 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.

სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943წ. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“. 1993 წლის 11 ოქტომბერს ჩვენმა სახელმწიფომ, საქართველომ, ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი და სხვა).

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოში მოქმედი სომხური სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით მოგიწოდებთ შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს, პატივი სცეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების ნებას და 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის ინიციატივით წარსდგეთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

განცხადებას ავრცელებს: საქართველოს სომეხთა სათვისტომო.

Leave a Reply