სოფელ პატარა სამსარის გზა – მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და წყალში გადაყრილი სახელმწიფო ფინანსები

ახალქალაქის სოფელ პატარა სამსარში გზების პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება, თუმცა ადგილობრივები იმედს არ კარგავენ, რომ ეს გზა, ოდესმე, კარგ მდგომარეობაში იქნება.

Სოფლის  დაფუძნებამდე ამ ტერიტორიაზე ტყე იყო, რომელიც მოგვიანებით გაჩეხეს და კარტოფილის მოსაყვანი ტერიტორია გამოათავისუფლეს. სოფლამდე მიმავალი გზა ხეობაში გაიყვანეს. მისი გარკვეული მონაკვეთი ახლა მოასფალტებულია, თუმცა ამ გზის დანარცენი, საკმაოდ დიდი ნაწილი, სავალალო მდგომარეობაშია. Ამ ნაწილს ყოველწლიურად მოასწორებენ, ქვიშას დაყრიან და პრობლემას დროებით გადაჭრიან, თუმცა ამინდის გაუარესებისთანავე, ქარის ან წვიმის დროს, ეს გზა მალევე იწყებს გაფუჭებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამდენჯერ არაეფექტურად შეკეთებული “გზის გასწორების” სამუშაოების ნაცვლად მუნიციპალიტეტს, ამავე ფასად, მოასფალტებაც შეეძლო.

“ალიქ-მედია” შეეცადა საკითხის ირგვლივ ცოტა მეტი დეტალი გაერკვია. „უკვე დავიღალეთ, ყოველი არჩევნების წინ გზების საკითხის მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ დღემდე არ გვაქვს ნორმალური გზა, რის გამოც ბევრი პრობლემა არსებობს“, – ამბობს პატარა სამსარში მაცხოვრებელი ეღიშ ავაქიანი ჩვენთან საუბრისას.

სს პრობლემა მხოლოდ მოსახლეობისთვის არ არის ცნობილი. პრობლემა ცნობილია მუნიციპალიტეტის მმართველი ორგანოებისთვისაც. მაგალითად, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ადგილობრივ მედიასთან საუბარში, სოფლის რწმუნებული აცხადებდა, რომ თვე ნახევრის წინ მოწესრიგებული გზა ისევ იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერი მძღოლისთვის გავლა შეუძლებელია. იმავე სტატიაში შევხვდებით ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის კომენტარს, რომელშიცის აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოები ხელახლა განხორციელდება, ოღონდ ამისთვის სოფლის მაცხოვრებლებმა სოფლის რწმუნებულის დამატებითი განცხადებით უნდა მიმართონ.

პირველ რიგში ჩვენ მხიტარ რსტაკიანს დავუკავშირდით. გვსურდა გაგვეგო, თუ ჯამში რამდენი თანხაა დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში გზის გასწორებაზე, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. რსტაკიანის თქმით მან არაფერი  იცის გზის გასწორების შესახებ და მასზე პასუხისმგებელი არ არის..
ვინაიდან კომენტარის სახით კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვაინტერესებდა,  ხომ არ იგეგმება ამ გზის მოასფალტება, ამ დროში უკვე რა თანხაა დახარჯული და საკითხის ირგვლივ სხვა დეტალები. საჯარო ინფორმაციაზე პასუხის ვალდებულების მიუხედავად, არათუ პასუხი არ მიგვიღია, არამედ 1 თვეზე მეტია წერილი ჯერ არც კი დაურეგისტრირებიათ.

2023 წელს, მაისის თვეში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადდა ტენდერი, სადაც პატარა სამსარის გზების რეაბილიტაციაც იყო გათვალისწინებული. კერძოდ, Ტენდერში (NAT230013811) გათვალისწინებული 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი სოფელი პატარა სამსარის გზების რეაბილიტაცია იყო. მუნიციპალიტეტმა ამ სამუშაოებისთვის 10 ათასი ლარი გამოყო, თუმცა უკვე ხელშეკრულების ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “არომ” მუნიციპალიტეტს ამ სამუშაოების 8799 ლარად შესრულება შესთავაზა.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გზის რეაბილიტაცია მოხრეშვას გულისხმობდა. მიღება-ჩაბარების აქტი მერიასა და კომპანიას შორის 2023 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების საგარანტიო ვადა სწორედ მიღება-ჩაბარების აქტიდან 2 წელს შეადგენს. ამის საპირისპიროდ, სოფელ პატარა სამსარასთან მისასვლელი გზის საფარის მდგომარეობა შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ.

“Ალიქ მედიამ” პატარა სამსარის გზის მოსწორება-მოხრეშვის მხოლოდ ერთი შესყიდვა შეისწავლა და თუ ეს პრობლემას არ აგვარებს და მისი გამეორება მუდმივად საჭირო ხდება, ბუნებრივია, პატარა სამსარის გზაზე დახარჯული თანხაც იზრდება. თუ ამ მოხრეშილ გზას წვიმა აფუჭებს, გამოდის, რომ მასზე დახარჯული თანხა, პირდაპირი მნიშვნელობით – წყალში გადაყრილი თანხაა.