Latest posts by Aliq Media (see all)
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 30-31 მაისს სტუმრობდა. მანამდე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს დაესწრო სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა. იგი ასევე ეწვია ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახეთსაც, რაც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის მოსახლეობას შეხვდა.
კეთილმეზობლური ურთიერთობიდან პარტნიორულ ურთიერთობებზე გადასვლა, -ასე შეაფასა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში და დასძინა, რომ პრემიერმა ქართულ მხარეს გაღრმავებული ურთიერთობების ფორმატი შესთავაზა.
„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ორ ქვეყანას შორის ახალი ტიპის ურთიერთობები უნდა შეიქმნას, რომელიც უფრო ღრმა და მომავალზე ორიენტირებული იქნება ვიდრე აქამდე იყო,“ -აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობებისთვის ამ ეტაპზე საჭიროა რეგიონალური პოლიტიკის მომავლზე ორიენტაცია.
„არავითარი გადამწყვეტი როლი აქამდე სომხეთს არ ჰქონდა რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოსთვის. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენი რეგიონალური პოლიტიკა ამ თვალსაზრისით იყო ხარვეზიანი. სტრატეგიული პარტნიორობა ერთ ქვეყანასთან და მეორესთან უბრალოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა ეს არ არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონისთვის მთლიანად არსებობს.“
არეშიძის თქმით, სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პარალელურად ბალანსის დაცვაა საჭირო აზერბაიჯანთანაც, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მისი აზრით, ამისათვის საჭიროა საქართველოს ჰქონდეს კომპრომისების პაკეტი.
„ყველამ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მეზობელთან თავის პრეტენზიები და დაიწყოს ამ პრეტენზიების გადაწყვეტის გზების ძიება. ახლა რასაკვირველია მავანი მეტყვის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა ასე მარტივი არ არის. რასაკვირველია ეს ძალიან რთული პრობლემაა და ამის გადაწყვეტა უზარმაზარ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ პროცესის დაწყება შესაძლებელია. ამისკენ ნაბიჯების გადადგმა უკვე ნიშნავს სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას“.
ნიკოლ ფაშინიანმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ჯავახეთში. ქართულ-სომხური ურთიერთობის ამ ახალ ეტაპს დამუკიდებელ ექსპერთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აფასებს.
„თუ ვინმე დარჩება უკმაყოფილო ამ ფაქტით, მხოლოდ მოსკოვის კრემლშია დაბინავებული. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც მონადირე ორივე კურდღელს იჭერს. კერძოდ, მისი ჩასვლა იმ სივრცეში, სადაც სომხური ენა უფრო ხშირად გვესმის ვიდრე ქართული იყო სრულიად მკაფიო გზავნილი მოსახლეობისთვის, რომ ისინი იქნებიან, ასე ვთქვათ, მოვლილი სომხეთის მიერ. ეს ქართულ-სომხურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს და იქნება მზაობა იმისა, რომ დიახ, ვილაპარაკოთ ქართულად და შევძლებთ უფრო მეტს და არც ქართველებს ექნება რაიმე უკმაყოფილების საფუძველი სომხურ მოსახლეობასთან“,-ამბობს ცისკარიშვილი.
მამუკა არეშიძის თქმით, კი ჯავახეთში პრემიერის ვიზიტმა საზოგადოების ერთ ნაწილში პრეტენზიები გააჩინა.
„პრეტენზიების შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ მისივე გვერდზე არასაკმარისად იყო გაშუქებული ფაშინიანის პრემიერთან ან პრეზიდენტთან შეხვედის ამსახველი მასალები და ბევრად უფრო მნიშვნელოვნად იყო გაშუქებული შეხვედრები თბილისის დიასპორასთან თუ სხვაგან. მაგრამ, ჩავთვალოთ რომ ეს იყო პირველი ვიზიტის ნაკლოვანებები,“ – ამბობს არეშიძე.
დასახული გეგმების გათვალისწინებით, პრემიერის რანგში ნიკოლ ფაშინიანის პირველ ვიზიტს ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია თუ როგორ განხორციელდება ეს გეგმები.