ადგილი, რომელიც ვერასოდეს გახდა სახლი – დევნილები შაუმიანში

ნათია ოქროპირიძე გორის რაიონის სოფელ დისევში გაიზარდა. რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ მისი სოფელი მავთულხლართს მიღმა აღმოჩნდა, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ 25 წლის ნათია, მისი ოჯახის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში დასახლდა. 

შაუმიანი დიდი სოფელია.  წლების განმავლობაში ის ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, აქ 3107 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 88% ეთნიკური სომეხია, 12%-ს კი 2008 წლის ომის შემდეგ გორის რაიონის სოფლებიდან ჩასახლებული დევნილები შეადგენენ. 

დევნილები ცალკე უბანში, სოფლის ბოლოს ცხოვრობენ. ამბობენ, რომ ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვთ, რომელთა გადაჭრა უკვე წლებია ვერ ხერხდება.

 “ეს არის როგორც სახლის პრობლემები, ინგრევა ბინები, ასევე წყლის [სარწყავი წყალი] პრობლემა. მოგეხსენებათ, გორის რაიონში მიწათმოქმედებას ვეწეოდით და აქ მიუხედავად იმისა, რომ სულ რგავენ [ხეხილს] –  ხმება. დღემდე ისევ რგავენ ხეებს და ისევ ხმება. ვერ წარმოუდგენიათ ამის გარეშე. სხვა საქმე არ უკეთებიათ და უბრალოდ არ იციან სხვა რა გააკეთონ”, ამბობს ნათია ოქროპირიძე. 

დევნილების დასახლებაში კამერებს ემალებიან. ინტერვიუზე უმრავლესობა უარს ამბობს. ადგილობრივების თქმით, 15 წლის განმავლობაში მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა: ისევ გაუსაძლისია საცხოვრებელი პირობები, დასახლებაში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. 

2008 წელს შაუმიანში 210 ოჯახი ჩამოასახლეს გორის რაიონიდან. ნათია ოქროპირიძე ამბობს, რომ მათთვის შაუმიანი დღემდე ვერ გახდა სახლი. ოჯახების ნაწილი სხვაგან გადასახლდა, დარჩენილ 75 ოჯახს კი კვლავ მშობლიურ სოფელში დაბრუნების იმედი აქვს. 

“რაღაცნაირად ვერ მოხდა ჩვენი ადაპტირება ამ გარემოში. თავდაპირველად როცა დავსახლდით იყო იდეები, იყო მიზნები, იყო გეგმები, მაგრამ პერსპექტივა არაფერს არ ჰქონდა, არცერთ წამოწყებულ საქმეს არ ჰქონდა გაგრძელება და მომავალი. ძალიან მალევე, თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ უკვე დაიწყო თვალსაჩინო მიგრაცია, შიდა მიგაცია. უფრო დაიწყეს ისევ გორის რაიონისკენ დაბრუნება, თბილისში ქირით ცხოვრება გააგრძელეს. სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა ეს ხალხი, იმიტომ რომ არ იყო სამუშაო ადგილები.”

ნათია ოქროპირიძე 2019 წლიდან “შაუმიანის სათემო განათლების ცენტრ” ხელმძღვანელობს.  რომელიც, მისი თქმით სოფლის სკოლასთან ერთად, ქართულ და სომხურენოვანი მოსახლეობის დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლია. “შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი” 2010 წელს, DVV International-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსდა. ცენტრის მთავარი მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი, ეთნიკური უმცირესობების, დევნილი და ეკომიგრანტი მოსახლეობის პიროვნული გაძლიერება, ინტეგრირებაში ხელშეწყობა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებაა.

ეს არის ადგილი, სადაც  სხვადასხვა ხელობას, ხატვას, უცხო ენებს სწავლობენ სოფელში მცხოვრები ბავშვები, როგორც ეთნიკური სომხები, ასევე ქართველები

ედიკ კამალიანი შაუმიანში გაიზარდა. დღეს ის თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის, პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი, სადაც მან ქართული ისწავლა, ძალიან დაეხმარა.

ედიკი იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში დევნილები ჩამოასახლეს. ამბობს, რომ ინტეგრაცია ნელა და რთულად მიდიოდა. 

“2008 წელს ჩავაბარე შაუმიანის მე-2 სკოლის რუსულ სექტორზე. მას შემდეგ, რაც 2008 წლის  ომის შემდეგ სოფელში დევნილები ჩამოასახლეს, ჩემს სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა. სკოლაში ერთად ვსწავლობდით [ეთნიკური სომხები და ქართველები]. მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებებს ცალკ-ცალკე ვატარებდით. მაგალითად ცალკ-ცალკე აღვნიშნავდით 8 მარტს, ახალ წელს, ბოლო ზარს. თუმცა, დრო გავიდა და ნელ-ნელა გავერთიანდით, უფრო თბილად და მეგობრულად ვეპყრობით ერთმანეთს”.

შაუმიანში სულ 3 სკოლაა. აქედან ორი სომხურენოვანი, რომელიც სოფლის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. მესამე (შაუმიანის #2 სკოლა) კი რუსულენოვანია. ის სოფლის განაპირასაა. დევნილების ჩამოსახლების შემდეგ სწორედ ამ სკოლაში გაიხსნა ქართული სექტორი, რომ ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე მიეღოთ განათლება. ელენე გუგუთიშვილიც, რომელიც ქართული სექტორის დაარსების დღიდან სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, 2008 წლის ომის შემდეგ დასახლდა შაუმიანში. ქართულის მასწავლებელი ამბობს, რომ თავდაპირველად, ეთნიკურად სომეხ და ქათველ მოსწავლეებს შორის ურთიერთობა ნაკლები იყო. 

მაგრამ ნელა-ნელა, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, უკვე დაიწყო ინტეგრირება სომეხ და ქართველ მოსახლეობას შორის,” ამბობს გუგუთიშვილი. 

შაუმიანის მეორე სკოლაში 116 მოსწავლეა, მათგან 61 რუსულ სექტორზე სწავლობს, 55 კი ქართულ სექტორზე. თავდაპირველად ქართულ სექტორზე მხოლოდ ეთნიკური ქართველები სწავლობდნენ, მაგრამ შემდეგ სომხურენოვანი მოსახლეობის ინტერესიც გაიზარდა ამ სექტორის მიმართ. გუგუთიშვილი იხსენებს, რომ “12 წლის წინ, ანუ ომი დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ქართულ სექტორზე პირველად მოიყვანეს სომეხი ეროვნების ბავშვები,  რომ განათლება ქართულად მიეღოთ. მათ უკვე დაამთავრეს სკოლა. აქედან ორი მოსწავლე მყავს, ვინც  თბილისის უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ”. 

დევნილების დასახლებაში 2009 წლიდან ქართულენოვანი საბავშვო ბაღიც მოქმედებს. ბაღის დირექტორის, მადონა მიქაძის თქმით, ბაღში წელს 30 ბავშვი დადის, მათგან ნახევარზე მეტი ეთნიკურად სომეხია. დირექტორის თქმით, სომეხმა მშობლებმა შვილების ქართულ საბავშვო ბაღში მიყვანა 4 წლის წინ დაიწყეს. 

ჩვენი რესპონდენტების აზრით, ეთნიკური ქართველებისა და სომხების ინტეგრაცია შაუმიანში ნელი ტემპებით უმჯობესდება. ნათია ოქროპირიძე თვლის, რომ, რომ არა განსხვავებული ინტერესები, შესაძლოა ინტეგრაცია უფრო წარმატებული ყოფილიყო. 

“შაუმიანში ვაჭრობაა უფრო განვითარებული, გადიან ქვეყნიდან რუსეთისკენ. ჩვენი ხალხის  [დევნილები] რუსეთისადმი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. შესაბამისად ჩვენი ინტერესების კვეთა არ ხდება და ამიტომ ის, რომ ერთად რაღაც საერთო აკეთო, არ გამოდის. სომეხ მოსახლეობას არ აინტერესებს მეხილეობა. გორის ხალხისთვის კი პრიორიტეტი  სოფლის მეურნეობაა.” ამბობს ოქროპირიძე.  

ავტორი: ნორაირ მისკარიანი