შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი – ევროპასთან კავშირის ახალი გზა საქართველოსთვის

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ, არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან.

ელექტროენერგიის გამტარი კაბელის პარალელურად, პროექტის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანაცაა დაგეგმილი, რამაც კავკასიასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინტერნეტიც უნდა გააძლიეროს.

ინტერნეტის მოხმარება ძალიან სწრაფად იზრდება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, ახალი, დამატებითი ინტერნეტ-კავშირის პუნქტების გაჩენა მნიშვნელოვანია. დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს რუმინეთთან დამაკავშირებელი ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელის მშენებლობა ქვეყანას მისცემს შანსს გახდეს ციფრული ჰაბი რეგიონში.

პროექტის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას ელექტროენერგიის გამტარი წყალქვეშა კაბელის საშუალებით. კაბელი შავ ზღვაში ჩაიდება და საქართველოს რუმინეთთან დააკავშირებს. მისი სიგრძე 1155 კმ-ზე მეტია (1115კმ წყალქვეშა კაბელი და დამატებით 40 კმ ხმელეთზე). ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ასევე, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებისა და ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით.

წინასწარი მონაცემებით კაბელის პროექტის დასრულება და ამოქმედება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, ზუსტი თარიღი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური, შავი ზღვის ფსკერის და გარემოს და სოციალური შეფასებების კვლევების დასრულების შემდეგ უნდა დადგინდეს.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ჩეზის“ (CESI) დახმარებით ახორციელებს. კვლევამ უნდა დაადგინოს პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კვლევის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. 

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ზემოთაღნიშნულ რეგიონებს შორის. სტრატეგიული ინტერკონექტორის პროექტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის არსებულ დღის წესრიგში, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფორმატში. 

რა როლი აქვს საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტში და რას მისცემს საქართველოს ეს პროექტი?

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროენერგიის გამტარი კაბელი საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას (და სამხრეთ კავკასიის რეგიონს) ცენტრალური ევროპის სინქრონულ ზონასთან დააკავშირებს, რაც, ქვეყანას შესაძლლებლობას მისცემს ევროპის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ივაჭროს.

Ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში რეგიონისთვის მნიშვნელოვანია იმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანაც, რომელიც პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის გამტარი კაბელის პარალელურად ჩაიდება, და რომლითაც შესაძლებელი იქნება ევროპის ქვეყნიდან ინტერნეტ-კავშირის მიღება.

საქართველო, როგორც ციფრული ჰაბი

ინტერნეტის მოხმარება ძალიან სწრაფად იზრდება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, ახალი, დამატებითი ინტერნეტ-კავშირის პუნქტების გაჩენა მნიშვნელოვანია. “ძალიან დიდი წყვეტები არის ხოლმე საქართველოში, ინტერნეტთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ვფიქრობ, სომხეთსაც სჭირდება დამატებითი კავშირი. ახალი კაბელი იქნება ალტერნატივა როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის”, – აღნიშნავს საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომის ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

ასევე, დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს რუმინეთთან დამაკავშირებელი ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელის მშენებლობა ქვეყანას მისცემს შანსს გახდეს ციფრული ჰაბი რეგიონში.

უჩა სეთური ყურადღებას ამახვილებს რესურსების დივერსიფიკაციაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან კავშირები მაქსიმალურად შემცირდეს და ტრანზიტი, რომელიც ჩრდილოეთ მეზობელზე გადიოდა, საქართველოში გადავიდეს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ინტერნეტ ტრაფიკი სომხეთისა და აზერბაიჯანის, მათ შორის ინდოეთისა და ჩინეთის გავლით“, – ამბობს უჩა სეთური.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა 2023 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ 2022 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების (ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი ეს არის მაღალსიჩქარიანი და უწყვეტი ინტერნეტშეერთება, რომელიც საშუალებას იძლევა მიიღოთ ის მომსახურება, რომელიც ინტერნეტის ქსელთან დაბალსიჩქარიანი კავშირის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის) რაოდენობა წინა წელთან შედარებით 70.6 ათასით გაიზარდა – მილიონს გადააჭარბა და 1 080 000 შეადგინა. ასევე, ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან, 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი.

ციფრული ცხოვრების ხარისხის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და 121 ქვეყნიდან 67-დან 65 ადგილზე გადაინაცვლა. ეს 2 საფეხურით გაუმჯობესებაა. საქართველო კავკასიის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე წინა პოზიციაზეა, თუმცა, უკეთესი მდგომარეობაა სხვა მეზობელ ქვეყნებში – მაგ, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში.

აღნიშნული ინდექსი 5 ინდიკატორის – ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ინტერნეტის, ელექტრონული ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოებისა და სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის დონით ფასდება. საქართველოში შედარებით კარგი მდგომარეობაა კიბერუსაფრთხოების კუთხით, თუმცა, დაბალია მაჩვენებელი ინტერნეტის ხარისხთან მიმართებაში.

საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომის ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ ქვეყნის ინტერნეტ-კავშირი მეზობელ ქვეყნებთან მაქსიმალურადაა ათვისებული. “ჩვენი კავშირი ევროპასთან არის ფოთი-ვარნის მიმართულებით. ასევე გვაქვს შეერთება ჩვენს ოკუპანტ მეზობელთან ფოთი-ნოვოროსიისკის გავლით. ორ ადგილას გვაქვს შეერთება აზერბაიჯანთან და კიდევ ორ ადგილას სომხეთთან, ასევე გვაქვს შეერთება თურქეთთან სარფში და ვალეში“, – განაცხადა უჩა სეთურმა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ელექტროგადამცემი კავშირის სწორი ოპერირებისთვის, აუცილებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირიც. ელექტროკაბელის და გადამყვანი სადგურების კონტროლისთვის და ფუნქციონირებისთვის, რომლებიც მოეწყობა ძალოვანი კაბელის ორივე მხარეს – საქართველოს და რუმინეთის მხარეს, სწრაფი კომუნიკაციაა საჭირო. ამის შესახებ “ალიქ მედიას” „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს.

ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება ოპტიკური-ბოჭკოვანი კავშირი, რომელიც იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ნაწილი. მისი მეშვეობით გაიზრდება ფართოზოლოვანი მონაცემთა ტრაფიკი და ხელი შეეწყობა სატელეკომუნიკაციო ფასების შემცირებას, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში.

შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტი ჩართული მხარეები

2022 წელს 17 დეკემბერს ბუქარესტში გაიმართა უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიულ თანამშრომლობას“. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სახელმწიფოთაშორისი პროექტის განხორციელებაში აღნიშნული ქვეყნების თანამშრომლობის მზაობა.

საქართველოსა და რუმინეთთან ერთად პროექტში აზერბაიჯანი და უნგრეთი მონაწილეობენ. პროექტს მხარი დაუჭირა ევროკავშირმაც. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა 2022 წლის დეკემბერში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისას, „პროექტი ბევრ დაპირებას შეიცავს. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ენერგომომარაგების უსაფრთხოება და ჩვენი ეკონომიკის დეკარბონიზაცია“.

შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტი საქართველოს დღის წესრიგში

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი რეგულარულად დგას დღის წესრიგში მაღალი დონის ვიზიტების დროს. პროექტზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. Მხარეებმა აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს როლი ამ პროექტში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 2023 წლის მარტში განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო საერთაშორისო პროექტმა საქართველოს “ახალი ევროპული დანიშნულება” მისცა და ასევე “მნიშვნელოვნად” გაზარდა ქვეყნის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის საკაბელო პროექტის განხორციელებით, რომელიც შედის „დაკავშირების“ ფლაგმანურ პროექტებში, საქართველო გახდება „სანდო სატრანზიტო ქვეყანა“, ასევე განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი.

მან ხაზი გაუსვა დასავლეთის „ორმაგ ინტერესს“ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის, მათ შორის შუა დერეფნის მიმართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რამაც „მნიშვნელოვნად გაზარდა ევროპასა და აზიის შორის ახალი კავშირების მნიშვნელობა.

სომხეთის როლი

თავის მხვრივ, სომეხი ანალიტიკოსი ბენიამინ პოღოსიანი Commonspace.eu-სთვის სტატიაში წერს: “სომხეთს აქვს ძლიერი პოტენციალი, გახდეს განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ევროკავშირში. სომხეთის მონაწილეობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც ძალიან საჭიროა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს გააძლიერებს ევროკავშირის პოზიციას და როლს რეგიონში და სრულად შეესაბამება ევროკავშირის საერთო სტრატეგიას სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.”

2023 წლის 15 ნოემბერს ბრიუსელში სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელვთან გამართულ შეხვედრაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმაც ხაზი გაუსვა სომხეთის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში გაწევრიანების მნიშვნელობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს 5 ოქტომბერს გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ევროკავშირისა და სომხეთის ეკონომიკური კავშირების გააძლიერება, და ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოყენება.

ასევე აღინიშნა, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და გაზრდის ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის.

და ბოლოს…

ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი, რომელიც გულისხმობს ენერგიის სხვადასხვა სახის საკმარისი რაოდენობით, უწყვეტ და ხარისხიან მიწოდებას ხელმისაწვდომ ფასად, ეროვნული ღირებულებების და ეროვნული ინტერესების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გართულებული და არასტაბილური საგარეო პოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გაზრდილია ენერგეტიკის პოლიტიკური გავლენის ან/და ზეწოლის ბერკეტად გამოყენების საფრთხე.

ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზის გარეშე მაღალია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანა მოუმზადებული იქნება მომავალი ენერგეტიკული საფრთხეებისათვის.