ენზელ მკოიანი – ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო

ნინოწმინდისა და ახალაქალაქის მაჟორიტარი, ენზელ მკოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება, დეტალურად ჩანს, როგორც ესხმიან თავს ვაშაძის შტაბის წევრები მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისმხარდაჭერის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აზიანებენ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინსაგამართ სადგურებზეც განახორციელეს. ხოლო დღეს, 30 ოქტომბერს, მას მერე, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – აცხადებს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი.