ახალქალაქში ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

30 ოქტომბერს, ახალქალაქში საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

შტაბის წევრი აშოტ რაისიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

თვითმხილველები „რუსთავი 2″-თან საუბრში იხსენებენ, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე განცხადებით, თავდამსხმელები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფიში 4 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო და მათი შტაბის წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის ჰენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის ხელმძღვანელობით, დაახლოებით, 20 ადამიანი დაესხა თავს.

შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია აცხადებს, რომ მარტუნ მკოიანი, მისი ვაჟი, მკოიანის ძმის შვილები შტაბში შევიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა დაახლოებით, 12:10 საათზე სოფელ ხოსიპოს მიმდებარედ. რეგიონული კომისიის წევრს მიხეილ აგაბაბიანსაც დაესხნენ თავს და სცემეს. როგორც მან აღინიშნა, დაახლოებით 20 ადამიანი დაესხა თავს.  jnews აცხადებს, რომ ვერ დაუკავშირდა ჰენზელ მკოიანს, მაგრამ დეპუტატის ძმას მარტუნ მკოიანს გაესაუბრა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ჩხუბის მიზეზი გახდა ოპოზიციის პროვოკაციების შედეგი, რომელიც მკოიანების ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო და დაამატა, რომ შემთხვევის ადგილას ჰენზელ მკოიანი არ იმყოფებოდა.

შტაბის წევრების ცემის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა “ძალა ერთობაშიას” წინასაარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება არჩევნების გაყალბების მიზნით. ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა მარტუნ მკოინაის დაკავების მოთხოვნით. მისი თქმით, ის  ახალქალქში ჩასვლას აპირებს.