აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა

წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანონმდებლობას, რომელიც ჩრდილოეთ სირიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე რეზოლუცია დაგმო. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ გენოციდის შესახებ რეზოლუცია „უაზრო პოლიტიკური ნაბიჯია და მისი ერთადერთი ადრესატი სომხური ლობი და ანტი-თურქული ჯგუფებია.“

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სულისკეთებისთვის შეუფერებელია“ და ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციასთან მიღწეულ შეთანხმებას ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს, ნუ გამოიყნებენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის,“ -აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება აღკვეთოს.

შეგახსენებთ, თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ოსმალურ ძალებთან შეტაკებას უამრავი სომეხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს გენოციდი არ ყოფილა.