ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიებში

ფოტო

პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის ხედვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ. საპრეზიდენტო კანდიდატების განმარტებები მომზადებულია www.prezidenti.ge-ის მიხედვით:

ზურაბ ჯაფარიძე

ყველა ადამიანი თანასწორია და შესაბამისად, გააჩნია თანაბარი უფლებები. მე მჯერა, რომ არ არსებობს უფლებები, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფურ იდენტობასთან, იქნება ეს ეთნიკური, გენდერული თუ სხვა. არსებობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ისინი ერთია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია.

შალვა ნათელაშვილი

ყველა რელიგიური და ეროვნული უმცირესობა თანასწორია კანონის წინაშე და მათი უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც უმრავლესობის.

დავით ბაქრაძე

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. უზრუნველვყოფთ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ყველა პირობას, რომუმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.

გრიგოლ ვაშაძე

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თანასწორია კანონის წინაშე. თუმცა, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ჩაგვრას, უთანასწორობას, დისკრიმინაციას, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა.

ამ პრობლემების მოგვარებისთვის და რეალური თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია, ინტენსიური მუშაობა. ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა იყოს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა იგრძნოს. ამისთვის კი, აუცილებელია მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა.

უნდა გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რათა გამარტივდეს მათი ინტეგრაციის პროცესი. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროგრამა „1+4″, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ამ პროგრამით ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა საშუალება უმაღლესი განათლება მიეღო.

დავით უსუფაშვილი

ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პოლიტიკოსისთვის, მთავარი ღირებულებები არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვისაც დამატებითი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის. ეროვნულ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს სწორედ ასეთი, თითქმის გარდაუვალი დაბრკოლებები ექმნებათ და სწორედ ამიტომაა მათზე მეტი ზრუნვა აუცილებელი.

უმცირესობა არ ნიშნავს „დამცირებულს“ ან „მცირედ ადამიანს“. უმრავლესობად და უმცირესობად სრულუფლებიანი და „სრულად ადამიანი“ ადამიანები იყოფიან. ამ ელემენტარული პრინციპის გაცნობიერება და როგორც შინაგანად, ინდივიდუალურად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში განუხრელად დაცვა და ერთგულება ყოველი ჩვენგანის, საქართველოს ყოველი კულტურული და კანონმორჩილი მოქალაქის მოვალეობაა, რომლის განმარტება და დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა სახელმწიფო ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ამოცანათა შორის უნდა იყოს. დემოკრატიულ და სამართლებრივ საქართველოში ნებისმიერი ადამიანის უფლებების დარღვევა არის და იქნება დანაშაული, ხოლო ვინმეს „ცოტაობის“ გამო დაჩაგვრა იქნება დანაშაული, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში.

რაც შეეხება მათ ჩართულობას სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, შესაძლოა, ყველაზე საშური კომპონენტი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს მიუღებელია, მაგრამ ახსნადია. თუმცა მიუღებელია, აუხსნელია და სავალალოა სახელმწიფოებრიობის (კანონის, პოლიტიკის, სახელმწიფო ენის, საერთო სიხარულის, საერთო ჭირის) გავრცელების მდგომარეობა უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში. პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანის დონეზე იქნება დასმული ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ინდივდუალური და რეგიონული თანამონაწილეობის 10 წლიანი პროგრამის შემუშავება და რეალიზება. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების წარმომადგენელთა ჩაბმა მათი მისწრაფების, უნარისა და კომპეტენციის ჰარმონიული განვითარების საფუძველზე; ცხადია, არა მათი კულტურულ-ეთნიკურ-რელიგიური თავისებურებების ნიველირების მიზნით, არამედ მათში საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქის იდენტობის გაღვივებისთვის.