“ეთნოლაბი” კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის (ფოტო)

23-31 მარტს თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტისათვის ტარდება პროექტი ,,ეთნოლაბი’’, რომელიც მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე აზერბაიჯანელ, სომეხ, ქისტ, იეზიდ და სხვა ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელ 18-დან 25 წლამდე სტუდენტებს შორის კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეთნოცენტრული ბარიერების მოხსნასა და ეთნიკური უმცირესობებისა და უმრავლესობის წარმომადგენელ სტუდენტებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქეთი თავდგირიძემ „ალიქ მედიას“ განუცხადა, რომ პროექტის მოსალოდნელი შედეგებია მიზნობრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება, დამეგობრება, ასევე ბენეფიციარების ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოში არსებული მულტიკულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი საჭიროებების გააზრება.

პროექტი მოიცავს სამ დღიან აქტივობებს. პროექტის პირველი დღე, 24 მარტი გაცნობისა და საკუთარი პიროვნების წარმოჩენისთვის დაგეგმილ აქტივობებს დაეთმო. ხოლო შემდეგ, მეორე დღეს – ეთნოლაბის მონაწილეებმა თბილისის მასშტაბით ,,ეთნოტური’’ ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც თბილისში მდებარე სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

„პროექტის ბოლოს, მესამე დღეს გვექნება ,,კულტურების გამოფენა’’ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც თითოეული ეთნიკური ჯგუფი წარადგენს პრეზენტაციას საკუთარი ეთნოსისა და კულტურის შესახებ. ამავე დღეს იქნება პანელური დისკუსია საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მახასიათებლების შესახებ“, – პროექტის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა თავდგირიძემ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ, პროექტი ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით და World Vision-ის მხარდაჭერით. პროექტის იდეის ინიციატორნი და ორგანიზატორები არიან SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) Mosaic Club-ის წევრები და ფასილიტატორები.