“ხალხის რჩეული” ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

სომხეთის პარლამენტმა 8 მაისს, 59 ხმით, 42-ის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრად ხალხის კანდიდატი, ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

კენჭისყრას ერევნის ცენტრში შეკრებილი ასობით ათასი მხარდამჭერი დიდ მონიტორზე ადევნებდა თვალს და შედეგს ოვაციებით შეხვდნენ.

კენჭისყრას წინ უძღვოდა ფაშნიანის გამოსვლა, სადაც მან სომხეთში მიმდინარე მოვლენებს „სიყვარულის რევოლუცია“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება საკადრო წმენდა და ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

მან ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელი დარჩება. სომხეთი იქნება ევრაზიის კავშირის წევრი. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ჩვენი ურთიერთობები უნდა დაეფუძნოს მეგობრობასა და თანაბარუფლებიანობას. რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გასულ კვირას სომხეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაური ვერ აირჩია, რადგან მმართველმა პარტიამ ერთადერთ ოპოზიციონერ კანდიდატს, რომელსაც 53 ხმა სჭირდებოდა, მხარი არ დაუჭირა. მან მხოლოდ 45 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

სომხეთში თითქმის ერთი თვეა ყოფილი პრეზიენტის სერჟ სარგსიანის ძალაუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შედეგად, 23 აპრილს სარგსიანი, რომელიც მისი პარტიის უმრავლესობამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრად აირჩია, თანამდებობიდან გადადგა. ამის შემდეგ მოსახლეობა მოითხივდა მთავრობის მეთაურის პოსტზე ოპოზიციონერი, აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი აერჩიათ, რომელიც სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს და თავიდან დააკომპლექტებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

ვინ არის ნიკოლ ფაშნიანი?

43 წლის ოპოზიციონერი ლიდერი, პოლიტიკურ კარიერამდე რამდენიმე ყოველდღიური გაზეთის ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი იყო.

1999 წელს ფაშინიანი ცილისწამების ბრალდებით დააკავეს და ერთი წელი იხდიდა სასჯელს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 13 წლის განმავლობაში გაზეთ „Haykakan Zhamanak”-ის მთავარი რედაქტორი იყო, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა როგორც, რობერტ კოჩარიანის, ასევე სერჟ სარგსიანის მთავრობას.

2004 წელს ის სავარაუდო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, როდესაც მისი მანქანა აფეთქდა, თუმცა მანქანაში ფაშინიანი არ იჯდა.

პოლიტიკურ ცხოვრებაში ნიკოლი 2008 წლიდან ჩაება, როდესაც სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის წინასაარჩევნო შტაბის წევრი გახდა.

2008 წლის თებერვლის საპროტესტო გამოსვლების დროს მასობრივი საპროტესტო არეულობის ბრალდებით სომხეთის პოლიციის მიერ მისი დაკავების ბრძანება გაიცა, თუმცა ნიკოლი ერთი წლის განმავლობაში იმალებოდა და პოლიციას მხოლოდ 2009 წლის ივლისში ჩაბარდა.

სასამართლომ ფაშინიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ნიკოლი პოლიტპატიმრის სტატუსით შეიწყალეს.

გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ნიკოლ ფაშინიანი ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ქმნის ახალ ოპოზიციურ ბლოკ „ელქ“-ს, რომელიც არჩევნებში ხმების თითქმის 8 პროცენტს იღებს და პარლამენტში 9 დეპუტატით შედის.

2018 წლის 13 აპრილიდან კი ფაშინიანი, სერჟ სარგსიანის მიერ როლის შეცვლის და პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადასვლის გამო ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქციებს იწყებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებას აანონსებს.

Leave a Reply