მარნეული ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა

მარნეული

ევროპის სპორტის კვირეულს, მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება. სპორტის კვირეული 23 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ მოედანზე, რაგბის ფესტივალით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული გუნდები მონაწილეობდნენ.

მარნეულში, ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, პარლამენტის დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, ტურნირში მონაწილე გუნდები, სპეციალური თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში სპორტის კვირეული 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობების ჩატარება.

სპორტული კვირეული, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ხასიათისაა. სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შეგროვებული თანხა, მარნეულელ თეონა ბენდელიანს გადაეცემა, რომელსაც აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა გერმანიაში.

გთხოვთ, მობრძანდეთ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რათა ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ბენდელიანის მკურნალობისთვის თანხის შეგროვებას.