მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ დაიწყო

ახალციხეში, 3 სექტემბერს ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“ მონაწილე ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებით გაიხსნა.

მონაწილეებმა და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართეს. მათ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცეს და ყურადღება წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

„Agile Spirit 2017“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მასში 1515 სამხედრო იღებს მონაწილეობას. სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები ოფიციალურად, 11 სექტემბერს დასრულდება.

Leave a Reply