ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა ისტორიული მოვლენაა

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა და გულით გისურვებთ, რომ თქვენი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი აღმასვლითა და კეთილდღეობით აღინიშნოს“, – სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

„ჩვენ გავაფართოვებთ ორმხრივ დღის წესრიგს ახალი შინაარსიანი პროგრამებით და სომხეთისა და საქართველოს პროგრესისთვის ერების მეგობრობის მთელ პოტენციალს გამოვიყენებთ”, – წერს ფაშინიანი.

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.