ქართველ და სომეხ სტუდენტთა საერთო კვლევების შედეგები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველ და სომეხ სტუდენტთა ჯგუფი ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რომელია ქართულ-სომხური თანამშრომლობის წარმატებული სტრატეგია.

ღონისძიება არის ნაწილი სამხრეთ კავკასიაში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტისა „ქართულ- სომხური აკადემიური თანამშრომლობა- 2“.

მისი მიზანია საერთო კვლევების საშუალებით საზოგადოებათმცოდნეობის სფეროში მხარი დაუჭირონ სომხურ-ქართულ თანამშრომლობას. სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტები თავიანთი კვლევების შედეგებითა და თანამშრომლობის სტრატეგიით წარსდგნენ.

პროექტის კოორდინატორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ პირველი პროექტის წარმატებამ გადააწყვეტინა მისი გაგვეგრძელება.

„გარდა იმისა, რომ სტუდენტები პროექტის ფარგლებში სწავლობენ და იღრმავებენ თავიანთ ცოდნას, პროექტი ღირებულებას სამეცნიერო თვალსაზრისითაც წარმოადგენს. სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევები ძალიან საინტერსოა“– აღნიშნა ხუციშვილმა და დაამატა ისიც, რომ პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და სომხეთის ნებისმიერ მსურველ მოქალაქეს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მისი თქმით, მსურველთა ნაკლებობა არასდროს ყოფილა: „იძულებული ვართ შევარჩიოთ საუკეთესოთაგან საუკეთესონი“.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციისა და კულტურული კვლევების ცენტრის დირექტორი, დავით ჰოვჰანნისიანი პროექტს წარმატებულად თვლის ორი მიზეზის გამო: „პირველი, ჩვენი მონაწილეების კვლევის დონე გაუმჯობესებულია. გარდა ამისა, მონაწილეები ეცნობიან თავიანთი მეზობელი ქვეყნის ცხოვრებას“ – ალიქ მედიასთან საუბარში ჰოვჰანნისიანმა აღნიშნა, რომ ორი მეზობელი ქვეყნის მონაწილეები ახლო მეგობრები გახდნენ და დაამატა: „ისინი უკვე თბილები და გულწრფელები არიან“.

ჰოვჰანნისიანმა ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა შეექმნათ.

პროექტის მონაწილე მარიამ ჰოვჰანნისიანის კვლევა სომხეთის სკოლებში საქართველოს შესახებ არსებულ სტერეოტიპებს ეხება.

მისი თქმით, ქართველ სტუდენტებთან პერიოდულმა შეხვედრებმა შესაძლებელი გახადა ნამუშევარი უფრო სწორი გზით წარმართულიყო: „კვლევის შედეგად გავიგე, რომ ჩვენ ძალიან მცდარი წარმოდგენა გვაქვს საქართველოზე. საქართველოს შესახებ ჩვენი ცოდნის დიდი ნაწილი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. სახელმძღვანელოებში ამის შესახებ ძალიან ცოტაა ნათქვამი. შესაძლოა, მომავალში გადავდგათ ნაბიჯები არასწორი აღქმისა და სტერეოტიპების პრევენციის მიზნით“.

„ჩემთვის მსგავსი საერთაშორისო პროგრამის არსებობა ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემი კვლევა კულტურული იდენტობის საკითხს ეხებოდა, რომლის განხორციელების დროს სომხეთიდან ბევრი მეგობარი შევიძინე. შთაბეჭდილებები იმდენად შთამაგონებელი იყო, რომ გადავწყვიტე სადიპლომო ამ თემაზე დავწერო“ – ამბობს პროექტის მონაწილე მარიამ მჟავია.

პროექტი ხორციელდება ეთნოლოგიური კვლევების ცენტრის „ჰაზარაშენის“ ინიციატივით, საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერით.

Leave a Reply