საფრთხის ქვეშაა მე-19 საუკუნის სომხური ეკლესია

თბილისის „შამხორეცოც“ ან „კარმირ ავეტარან, სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია (წითელი ხარება, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია), ექვსი ე.წ სადაო ეკლესიიდან ერთ-ერთია.  ოდესღაც სომეხი მოსახლეობით დასახლებული ავლაბრის, თავისი დროისთვის ყველაზე მაღალი ეკლესია – უფრო სწორად უკვე მისი ნანგრევები – ეკუთვნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

წინა წლის 5 დეკემბრიდან ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყო. შპს „ჰორიზონტისთვის“, რომელიც პასუხისმგებელია სამშენებლო სამუშაოებზე, გაცემულია ყვეელა საჭირო ნებართვა.  მშენებლობა მიმდინარეობს ეკლესიიდან 5 მეტრის დაშორებით.   ალიქ მედიას გადამღები ჯგუფი შეხვდა ძეგლთა დაცვის სამსახურის განყოფილების თანამშრომელს, თუმცა მასთან საუბარი ვერ შედგა, რადგან კამერის დანახვისთანავე ხსენებულმა თანამშრომელმა დატოვა ტერიტორია.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესმდივნის, სუსანა ხაჩატრიანის თქმით, ჯერ კიდევ წინა წლის 8 დეკემბერს თბილისის სომხური თემის მხრიდან წერილი იქნა წარდგენილი მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა პასუხი ჯერაც არ არის მიღებული.

„ორი დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარმა“ კვლავ წამოჭრა ეკლესიის საკითხი და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესიიდან 5-6 მეტრის სიშორეზე მიმდინარე მშენებლობამ შეიძლება დააზიანოს და უფრო მეტიც, განადგურებამდე მიიყვანოს ეს კულტურული ძეგლი. საფრთხე ემუქრება ეკლესიის აღმოსავლეთ კედელს, რომელიც დღეისათვის ერთადერთი შენარჩუნებული კედელია.

31 იანვარს სომხური თემის იურიდიულმა სამსახურმა წერილით მიმართა მერიასა და სამინისტროს, რათა ნაბიჯები იქნას გადადგმული ეკლესიის ნანგრევების კონსერვაციისთვის და ასევე შეჩერდეს მშენებლობის პროცესი“ – ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა სუსანა ხაჩატრიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია „შამხორეცოც ღვთისმშობლის წმინდა ტაძარს“ სადაოდ არ თვლის, თუმცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ის სადაოა, ზუსტად ამის გამოა შეჩერებული ეკლესიის საკითხის გადაწყვეტის პროცესი. “მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის კულტურული ძეგლია, მდებარეობს საქართველოში და მისი უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებელია საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავს ამ საკითხთან დაკავშირებით“.

Leave a Reply