ერევანში საქართველოს სომხური სათვისტომოს პრობლემებზე ლექცია გაიმართა

ერევანში „საქართველოს სომხური სათვისტომოს პრობლემები, გაშუქების ნაკლებობა და შესაძლო შედეგები… რა და როგორ გაშუქდეს?“ თემაზე ლექცია ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა სომხურმა მედია საშუალებებმა, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის საინფოემაციო ცენტრმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ jnews იუწყება.

ლექცია ორგანიზებული იყო „Article 3” კლუბის მიერ. შეხვედრაზე სპიკერები საქართველოში სომხეთის ყოფილი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, თბილისში მოქმედი „ალიქ მედიას“ მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი აღუნიკ აივაზიანი და საქართველოს საკითხების ექსპერტი ჯონი მელიქიანი იყვნენ.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა, ჰოვანეს მანუკიანმა საქართველოს სომხური სათვისტომოს პრობლემებზე ისაუბრა და მათი გადაჭრის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები სომხურ-ქართული სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების კონტექსტში განიხილა.

„ალიქ მედიას“ მთავარმა რედაქტორმა, არსენ ხარატიანმა საქართველოში მოქმედ სომხურენოვან მედიასაშუალებებზე გაამახვილა ყურადღება და სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და მათი საზოგადოებრივი აღქმის საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს საკითხების ექსპერტმა, ჯონი მელიქიანმა კი ყურადღება საქართველოში სომხური სათვისტომოს ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტერგაციის საკითხებზე გაამახვილა.

ლექციის ჩატარების იდეა ქართული და სომხური მედიის მხრიდან  ჯავახეთის სოფელ კუმურდოს ინციდენტის გაშუქების შემდეგ გაჩნდა.

Leave a Reply