ცხოვრების შავ-თეთრი ფერები

ჯავახეთის სოფელ კიმბირდაში ცხოვრობს 91 წლის ღაზარ ხანოიანი. როგორც წერს სააგენტო jnews.ge, ადამიანმა, რომელმაც 91-დან 16 წელი მარტომ გაატარა, მოესწრო ომს, დევნილობას, მაგრამ სიცოცხლის ხალისი არ დაუკარგავს. ის დაიბადა 1924 წელს ხანოიანების მრავალშვილიან ოჯახში, რომელიც დასავლეთ სომხეთიდან გადასახლდა ჯავახეთში. 1943 წელს ჩაირიცხა საბჭოთა არმიაში, იბრძოდა ბაღრამიანის ბატალიონში, 1946 წელს კი პოლონეთში მიღებული ჭრილობის შედეგად სახლში დაბრუნება მოუწია. დიდად არ უყვარს ომზე საუბარი და ძნელად თანხმდება მედლების ჩვენებაზე.

„ომი ანადგურებს და ანგრევს ქვეყანას, ხალხს ხოცავს. წლების განმავლობაში აშენებ რაღაცას, ომი კი ერთ დღეში ყველაფერს მიწასთან ასწორებს“,- ამბობს მოხუცი.

გუმბორდოში ღაზარ პაპა ცნობილი და პატივცემული ადამიანი გახლავთ. მას თანამედროვე ხორენაცი  შეარქვეს, ვინაიდან მასზე უკეთ არავინ იცის სოფლის ისტორია.

ჩვენ ღაზარ ხანოიანს შევხვდით სოფლის ცენტრში, სადაც ის თანასოფლელებთან ერთად დომინოს თამაშობდა. მან თავის სახლში მიგვიპატიჟა. სასტუმრო ოთახი იმდენად სუფთა და მყუდრო დაგვხვდა, რომ ვერც კი გავიფიქრებდით, ეს მამაკაცი16 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. ოთახის ცენტრში მაგიდა იდგა, მის მოპირდაპირე მხარეს კოხტად გასწორებული ლოგინი, რომელთანაც შევამჩნიეთ საყვარელი ქალიშვილის ფოტო. ღაზარს ის უკვე 5 წელია არ უნახავს. ღაზარ ხანოიანს 4 ვაჟი, 2 ქალიშვილი, 16 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს. ორი ვაჟი ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა. 1999 წლიდან, ცოლის- ქალბატონი მაგდალენას, სიკვდილის შემდეგ ის მარტო ცხოვრობს.

„ტელევიზორია ჩემი მეგობარი. სახლში არც შვილი მყავს, არც შვილიშვილი, მარტოხელა ადამიანი ვარ”.

სოფლის უხუცესი საკუთარ წლებზე ლაპარაკისას ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებად ჰყოფს.

 

„ადამიანს სიმდიდრე არ სჭირდება, ჰქონდეს იმდენი, რომ უბრალოდ იცხოვროს შვილებთან, შვილიშვილებთან და ნათესავებთან ერთად. ამაზე ტკბილი ცხოვრება არც არსებობს, იყო დრო, როდესაც მწვანილს ვჭამდით და ბედნიერები ვიყავით. დღეს რთულია ყველაფერი, ხალხიც სხვანაირია, სხვას ჩემს ადგილას, შვილების სიკვდილის შემდეგ, ცხოვრება არ მოუნდებოდა, მაგრამ ღმერთმა რაც მოგვცა, უნდა ავიტანოთ“,-თქვა 91 წლის მოხუცმა.

 

Leave a Reply