სოფელი ბოლნის-ხაჩენი დღეს

ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ბოლნის-ხაჩენში, ცხოვრობს 1700 ადამიანი. წლების განმავლობაში სოფელი 60%-ით დაიცალა.

უკეთესი ცხოვრების მოლოდინით ბოლნისელები მიემგზავრებიან სომხეთსა და რუსეთში.

სასწრაფოდ მოსაგვარებელია სოფლის სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. სოფლის დეპუტატის ინფორმაციით, იაპონური კომპანიის საგრანტო პროექტით დაფინანსებული 180 ათასი დოლარით წლის დასაწყისიდან იგეგმება სასმელი და სარწყავი წყლის ახალი სადენის აშენება.

დიდი პრობლემაა ასევე გაზიფიცირების საკითხი. ბუნებრივი გაზი ბოლნის-ხაჩენის გავლით მიეწოდება აზერბაიჯანულ სოფელს, ბოლნნისში კი მხოლდ 30%-ს აქვს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა, დანარჩენი კი იძულებულნი არიან კიდევ რამდენიმე წელი ელოდონ.

მანამდე კი სახლებს ათბობენ შეშით. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა. სოფელში მოჰყავთ: ლობიო, ხახვი, კარტოფილი და წიწაკა, ამას კი ქალაქის, თბილისის ბაზრებში ყიდიან. სოფელში საკონსერვო ქარხნის დაფუძნების გეგმაც არის, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც გლეხს აღარ მოუწევს პროდუქტის გასაყიდად დედაქალაქში ჩასვლა.

ლევონ მანუკიანი კმაყოფილია სოფლის საერთო ცხოვრების წესით, ამბობს, რომ სანატრელი ბუნებრივკლიმატური პირობებია. „სოფელი დაუარსებია ყარაბაღიდან ჩამოსულ მელიქ აბოვს, ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი წინაპრების ასეთი ადგილის არჩევისთვის. აქ არც მიწისძვრაა, არც წყალდიდობა და არც ქარი, სანადირო არის, თევზიც მდინარეშია“.

თუმცა მოსახლეობასთან საუბარში გაირკვა, რომ ისინი ნაკლებ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ვიდრე დეპუტატი. სამუშაო ადგგილები არ არის, სოფლის გზა ნაწილობრივაა დაგებული, საბავშვო ბაღის საკითხიც არაა მოგვარებული. ბაღის შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლებს ისინი არ მიჰყავთ ბაღში, ასე რომ, სოფელ ბოლნისში ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ, სკოლა შედარებით კარგ მდგომარეობაშია, სკოლაში 240 მოსწავლე სწავლობს.

Leave a Reply