თვალსაზრისების სერია: ლიზა ტოროსიანი

პროექტის, “თვალსაზრისების სერია – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა შრომით პრაქტიკებზე„ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “კავშირი ფრეია”, “ალიქ მედია ჯორჯიასთან” პარტნიორობითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით,  წარმოგიდგენთ სტატების სერიას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შრომითი გამოცდილებების შესახებ. ჩვენი მოსაუბრე გახლავთ “ალიქ მედია ჯორჯიას” დირექტორი, ჟურნალისტი ლიზა ტოროსიანი.

როგორ გამოიყურება თქვენს მიერ განვლილი გზა უმაღლეს სასწავლებლამდე? რა ეტაპები გაიარეთ პროფესიის არჩევამდე?

ჩემს შემთხვევაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა: როგორი იყო ჩემს წარმოდგენაში პროფესიის არჩევა და როგორ მოხდა ეს რეალურად, საკმაოდ განსხვავდებოდა. სკოლის პერიოდში ძალიან მწირი ინფორმაცია გვქონდა პროფესიებზე. მე პროფესია ავირჩიე იმის მიხედვით, თუ რა  მომწონდა: მე კი მომწონდა გეოგრაფია, პოლიტიკის ისტორია და ა.შ., ამიტომ ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობები. ჩავირიცხე აქ და მართლა მეგონა, რომ ამ მიმართულების სპეციალისტის სტატუსის მიღების შემდეგ დიპლომატი გავხდებოდი, თუმცა ძალიან მალე გაქრა ეს სტერეოტიპი.

გქონიათ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი უნივერსიტეტში ჩაბარებისას ? (ოჯახის წევრების მიერ ან სხვა გარემოება – ტრადიციები).

მე ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი ოჯახის მიერ არ ყოფილა წნეხი პროფესიის არჩევაზე. მე გავაგრძელე იმ ყველაფრის კეთება, რასაც მანამდე ვაკეთებდი, ეს არის სტატიების წერა, ჟურნალისტური საქმიანობა, სომხურ თემში აქტიური მონაწილეობა და ა.შ.

რა თქმა უნდა სკეპტიზმი ჩემს გარშემო არსებობდა, მაგალითად, ჩემი თანაკლესელი გოგოებისგან ზოგმა ოჯახი შექმნა და დანარჩენი ჩვენგანის მიერ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ.

ოჯახისგან ერთადერთი უთანხმოება უკავშირდებოდა ჩემს საზღვარგარეთ სწავლას, რადგან მათგან შორს, სხვა ქვეყანაში სასწავლებლად არ გამიშვებდნენ. ეს უფრო განაპირობებულია მშობელი-შვილის კავშირით და არა ტრადიციებით ან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორით. 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ?

უნივერსისტეტში პროფესიის არჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი შეიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ფსიქოლოგია, შიდა პოლიტიკა, გარე პოლიტიკა. ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებდა და ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გამომადგებოდა და ასეც მოხდა. შემდგომში, როდესაც დავაფუძნეთ “ალიქ მედია”, დავიწყე მუშაობა მედიამიმართულებით და ამჟამად ჩემი პროფესით მე ვარ მედიასფეროში. მედიაში მუშაობამდეც მქონია სხვადასხვა ჟურნალებში წერის გამოცდილება, ვიყავი აქტიური სომხურ თემში და თემსაც ჰქონდა რადიო, იქაც ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი. წერა კარგად გამომდიოდა და შესაბამისად ვიფიქრე, რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა საქმიანობა. 

მედიაში ჩვენ შევიკრიბეთ ერთი იდეის ირგვლივ და ეს იდეა იყო საზოგადოების ინფორმირება. ხოლო ინფორმირება და საინფორმაციო ტექნიკები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ჩემი პროფესიის – საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და ვიცით, რომ ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ეს არის საინფორმაციო ველი. აქედან გამომდინარე, საინფორმაციო კუთხით მუშაობა, იმ მომენტისთვის, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. 

აღვნიშნავ ასევე, რომ ჩვენი მედია – “ალიქ მედია”, ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთ ნაწილს, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო არ ჰქონდა ინფორმაცია თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეშუქებინა საქართველოში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა საკითხები სომხურ ენაზე. დღეს უკვე მერვე წელია, რაც ვმუშაობთ.

და მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი პროფესიის არჩევანი განაპირობა სხვების დახმარების, სხვების გაძლიერების სურვილმა. 

რომელ სექტორში გიმუშავიათ – კერძო, საჯარო ან სახელმწიფო ? 

ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმუშავია. “ალიქ მედიაში” მერვე წელია რაც ვმუშაობ, თავიდან ჟურნალისტის პოზიციაზე, ხოლო ახლა კი დირექტორის თანამდებობაზე ვარ. საქართველოს რეფორმების ასოციაციაში (GRASS), რომელის ასევე არასამთავრობო სექტორად ითვლება, ასევე ვარ რეგიონული ანალიტიკოსი. როგორც ჟურნალისტი და თარჯიმანი მიმუშავია სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის საერთაშორისო, და როგორც თარჯიმანი, მქონია ხანმოკლე თანამშრომლობა რამდენიმე სამინისტროსთან. 

რა ბარიერების გადალახვა მოგიწვიათ სწავლაში ან სამსახურში ?

უნივერსიტეტშიც და სამსახურშიც ძირითადი ბარიერი ენის არასრულყოფილი ცოდნა იყო. მითუმეტეს ჟურნალისტიკაში, როდესაც მიწევდა ინტერვიუებზე მისვლა და ჩაწერა – ეს რთულია ყველასთვის და წარმოიდგინეთ როგორი რთულია, როცა სრულყოფილად არ ფლობ ენას. 

რას გაძლევთ ის, რომ წარმოადგენთ ეთნიკურ უმცირესობას ? (უარყოფითი რა, დადებითი რა) და გიგრძვნიათ თუ არა რაიმე საიხით დისკრიმინაცია, თქვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო სამსახურში ?

უნივერსიტეტში ძირითადად პოზიტიური დისკრიმინაცია გვქონია: მე ვცდილობდი ყველასთან თანაბრად ვყოფილიყავი, ხოლო “მიღებული” პრაქტიკა იყო, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს უნდა დაგვხმარეობდნენ, ეს კი მიშლიდა ხელს, რომ თავი სხვების თანასწორად მეგრძნო..

რაც შეეხება სამსახურს, თავიდან სომხურენოვან მედიაში დავიწყე მუშაობა, ხოლო შემდეგ, სადაც ვდილობდი  სამსახურის დაწყებას,, ყოველთვის უპირატესობად თვლიდნენ ჩემს ეთნიკურ წარმომავლობას დაჰქონდათ  შთაბეჭდილება, რომ სხვა ძლიერი მხარეები არ მქონდა. თუმცა ამას შეიძლება შევხედოთ მეორე მხრიდანაც – ძალიან კარგია, როცა ჯერ კიდევ სკოლაში მიღებული ცოდნა შეიძლება გამოიყენო და ამით კიდევ დაეხმარო შენს თემს.

სხვათაშორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ძალიან იშვიათად, რომ მუშაობდნენ რომელიმე სექტორში, “ჩვეულებრივ” პოზიციაზე. ძირითად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ორგანიზაციებში მუშაობენ უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე, ან ისეთ პოზიციაზე, სადაც საჭიროა სომხური ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა.

ასევე, ერთი დისკრიმინაციული მიდგომა კიდევ, ეს არის ჩვენი – საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების სომხეთთან ასოცირება. მაგალითად, როდესაც თანამშრომლებთან სადილის დროს საუბრები გვქონდა და რაღაც თემას ვიხილავდით, შემდეგ ისმოდა კითხვა “და თქვენთან როგორ არის”, ანუ სად ჩვენთან ? ან ხშირად მეუბნებიან “თქვენი ქვეყანა”, “თქვენი პრემირ-მინისტრი”, და ამაში იგულისხმედა სომხეთი ან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

თქვენი აზრით (გამოცდილებით) რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები შრომით ურთიერთობებში ?

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ისედაც რთულია ქალთა შრომითი გარემო, ასე, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი სამსახურში, ან კაცებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ სამსახურში და ა.შ. მქონია შემთხვევა, რომ მე და ჩემი კაცი კოლეგა ხელმძღვანელთან წარმოვადგენდით იგივე პროექტს, მაგრამ ჩემი მოწონებას არ იღებდა, ხოლო ჩემი კოლეგის პროექტი ხორციელდებოდა.

ასევე, მაგალითად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ტრადიციებიდან გამომდინარე მიუწვდომელია რიგი საქმიანობები და მათთვის ძირითადი “მისაღები” პროფესია არის მასწავლებლობა. ძალიან ხშირად უკვირთ კიდევ, რომ ქალი შეიძლება ჟურნალისტად მუშაობდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ სამსახურამდე, ქალს ასევე არ აძლევენ პროფესიის არჩევის უფლებას. მაგალითად თუ გოგოს უნდა გახდეს პოლიციელი, ბუღალტერი ან სხვა, მას არ აძლევენ ამის უფლებას, და ძირითადად გოგები ირჩევენ ან პედაგოგის ან მედიცინის კუთხით პროფესიას. აქედან გამომდინარე კი მთელი ცხოვრება მუშაობენ არასასურველი პროფესიით.

არ დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ ბარიერების გამო ხშირ შემთხვევაში ქალებს სამსახურში არ უშვებენ და ამბობენ, რომ ქალის საქმე ოჯახია და ქალი მხოლოდ ოჯახს და ბავშვებს უნდა უვლიდეს. ეს რა თქმა უნდა ტყუილია: ქალები არიან ყველაზე ძლიერი, მათ შეუძლიათ ოჯახის მოვლაც, ბავშვების მოვლაც და კარიერის გაკეთებაც. არსებული სტერეოტიპეპი ქმნიან ბევრ ბარიერებს, რაც ქალებს სამსახურში რეალიზებას უშლის ხელს.