ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

სომხეთის რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვაჰრამ ათანესიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილში დეპუტატი მთიანი ყარაბაღის ბლოკადაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ღარიბაშვილი დადებით წვლილს შეიტანს ამ პრობლემის მოგვარებაში.

ვაჰრამ ათანესიანი წერს:

„ბატონო ირაკლი, დაეხმარეთ კატასტროფით დაზარალებულებს, 

ძვირფასო ბატონო პრემიერო,

თქვენ ნამდვილად იცით, რომ 15 ივნისის შემდეგ მთიან ყარაბაღში არც ერთი გრამი საკვები არ შემოსულა. შიდა რესურსები იწურება. 120 000 ადამიანი შიმშილის ზღვარზე დგას. უკვე გვაქვს ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა და გვყავს ათეულობით სამედიცინო დახმარებას მოკლებული ადამიანი. კიდევ ერთი-ორი კვირა და კატასტროფა შეუქცევადობის ზღვარს გადალახავს.

ბატონო ირაკლი,

მახსოვს ერთი შემთხვევა: 2007 წელს წაღკაძორში, სადაც ქართველები, აფხაზები, სომხები და აზერბაიჯანელები შეიკრიბნენ, რათა მრგვალ მაგიდაზე განეხილათ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა, ორი ძლიერი ადამიანის ჩახუტებას შევესწარი. მითხრეს, რომ ერთი ქართველია, მეორე აფხაზი და ერთმანეთს სოხუმის სასტიკი ბრძოლებიდან იცნობდნენ. ეს იყო რაინდობის თვალსაჩინო მაგალითი, რომლის შთაბეჭდილება უკვე 16 წელია თან მდევს.

მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს შესანიშნავი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რახ გულწრფელად მიხარია. მადლობელი ვარ თქვენი დიდი შუამავლობის, რომლის შედეგად სომეხი ტყვეები ბაქოდან დაბრუნდნენ.

თქვენ გამოხატეთ მზადყოფნა, უზრუნველყოთ პლატფორმა სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგისთვის. მადლობა ამ გულწრფელი დამოკიდებულებისთვის.

ბატონო ირაკლი, გთხოვთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თქვენი მეგობრობის მეშვეობით, მასთან განიხილოთ საქართველოს მეშვეობით მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.

მთიან ყარაბაღში ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ პურს „ჭათს“ უწოდებენ. ეს არის ქართული „ჭადის“ ოდნავ ფონეტიკური ფორმა, რაც ადასტურებს, რომ მთიან ყარაბაღს ძალიან ღრმა „პურის მეგობრობა“ აქვს საქართველოსთან.

როდესაც ერევანი სომეხ პოეტს ჰოვჰანნეს შირაზს დაემშვიდობა, საქართველოს იქ წარმოადგენდა ერთ-ერთ უნიჭიერეს შვილი, ნოდარ დუმბაძე. გამოსამშვიდოებელ სიტყვაში მან თქვა, რომ „ქართველი ჩუმად გლოვობს ძმის სიკვდილს, მაგრამ ხსოვნას გულის ბოლო ცემამდე ინახავს“.

არ ვისურვებდი, რომ საქართველომ ჩუმად იგლოვოს მთიანი ყარაბაღის 120 ათასი სომეხი და-ძმის და 30 ათასი შვილის შიმშილი“, – ასე ამთავრებს ვაჰრამ ათანესიანი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გაგზავნილ ღია წერილს.