თვალსაზრისი: რა გავლენა ექნება საქართველოში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას სომხეთზე?

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა“, – ეს გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტოა და ყველამ ვნახეთ ის საზოგადოებრივი ტალღა, რომელიც გავრცელდა თუნდაც, სოციალურ ქსელებში, ამ გადაწყვეტილების შემდეგ.

რას შეიცავს ეს გადაწყვეტილება?

კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური, მაგრამ მარიხუანას შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ისევ არის ჯარიმა დაწესებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. კანონში შესატანი ცვლილებების შესაბამისად მარიხუანას მოხმარება დასჯადი გახდება:

საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ამასთან სამინისტროს ინფორმაციით, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

სომეხი ექსპერტის, ჯონი მელიქიანის მოსაზრებით, საქართველოში, რაც ხდება მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით არაა სრულყოფილი და ბოლომდე დამუშავებული. „გარკვეული ძალები ცდილობენ მარიხუანას ლეგალიზაციას, მაგრამ ჯერჯერობით ამისი მიღწევა გართულებულია. თუ განვმარტავთ კანონს, მაშინ გამოდის, რომ შეძენა -შენახვა იკრძალება და მხოლოდ მოხმარებაა დაშვებული“, – “ალიქ მედიასთან” საუბარში აღნიშნა მელიქიანმა.

რა გავლენას მოახდენს სომხეთზე ეს ცვლილებები?

ექსპერტის თქმით, როგორც საქართველოში განხორციელებული ყველა რეფორმა და ცვლილება, ასევე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია ნელ-ნელა სომხეთამდეც მიაღწევს.

მელიქიანის თქმით, საქართველოს მსგავს რეფორმებს ადრე თუ გვიან სომხეთიც იღებს და საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, სომხეთი ცდილობს არ გაიმეოროს ის შეცდომები, რაც დაუშვა საქართველომ რეფორმების პერიოდში.

„ადრეა იმაზე საუბარიც, რომ სომხეთიდან ადამიანებმა დაიწყეს ჩამოსვლა საქართველოში მარიხუანას მოხმარების მიზნით, რადგან საქართველოში, ნიდერლანდებისგან განსხვავებით არ არის ე.წ. კოფიშოპები, სადაც შეიძლება თავისუფლად შეხვიდე მარიხუანას მოსაწევად. ასევე გავიხსენოთ , შსს-ს მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელსაც მალე განიხილავს პარლამენტი“, – აღნიშნა მელიქიანმა.