„სმირნოვების მუზეუმი“ – XIX საუკუნის იშვიათი ნივთების სახლი

1982 წელს, მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა და მისმა დედამ ევგენია ფონ შლეიერმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ანდერძის თანახმად, გალაკტიონ ტაბიძის 20 ნომერში მდებარე, საგვარეულო სახლი და ქონება, მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კომისიას გადასცეს.

„მთარგმნელობითი კომისიის საფუძველზე შეიქმნა, საბიუჯეტო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი, პუშკინის მემორიალი“. ანდერძში ხაზგასმულია რომ, მთელი მემკვიდრეობა, გადაეცა პუშკინის სახლის ერთიან მემორიალურ კომპლექსს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პუშკინის მემორიალი გაუქმდა და მხოლოდ, საბიუჯეტო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“ დარჩა. თუმცა, მალე საბიუჯეტო ორგანიზიაც გაუქმდა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“ ჩამოყალიბდა, რომლის სლავურ განყოფილებაში დარჩა, სმირნოვების სამუზეუმო სივრცე. მოგვიანებით, სამწუხაროდ, ეს სივრცე დაილუქა“, – ამბობს სმირნოვების მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სახლი, სადაც სმირნოვების სამმა თაობამ იცხოვრა, სომეხი ვაჭრისა და მეცენატის, იაგორ თამამშევის დაკვეთით, გერმანელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტით, 1859 წელს აშენდა. იაგორ თამამშევმა სახლი შვილიშვილს, ლიზას (ელისაბედ) მზითვში გადასაცა, რომელიც ცოლად თბილისში, მთავარმართებლის მოადგილედ, სამუშაოდ გამოგზავნილ  მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვს გაჰყვა. „ ვიცით, რომ იაგორ თამამშევის ოჯახი მრავალრიცხოვანი და თბილისში ერთ-ერთი მდიდარი ოჯახი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ოჯახის შესახებ, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. არ ვიცით, ვინ იყო იაგორ თამამშევის მეუღლე, სად არიან დაკრძალულები და ა.შ.“ – ამბობს ბაია ამაშუკელი.

წლების შემდეგ, „სმირნოვების მუზეუმის“ ახალი სიცოცხლე, 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, სმირნოვების სახელით ცნობილი შენობის ოთხ ოთახში, მუზეუმი ისევ გაიხსნა. მუზეუმის დირექტორი ამბობს:  „თავისი მნიშვნელობით მუზეუმი ძალიან საინტერესოა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სმირნოვების მუზეუმი“ ერთადერთია თბილისის მუზეუმებს შორის, სადაც მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი გასული, XVIII-XIX საუკუნეების, ევროპის (გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური, ქართული) მხატვრული კულტურის ნიმუშები. რაც მთავარია, ეს არის, საქართველოს და ქართველი ხალხის მემკვიდრეობა. ამიტომ, ყველა ქართველი ვალდებულია, ეს სივრცე შეინარჩუნოს და დამთვარიელებლისთვის  ხელმისაწვდომი გახადოს“.

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს ჯერ ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის,არასაკმარისი სივრცე, ექსპოზიცია სრულად არ არის აღწერილი, საზოგადოების ინფორმირება, მუზეუმში მისული დამთვალიერებლი მაინც იგრძნობს, XIX საუკუნის ეპოქის კულტურულ სიმდიდრეს და რომანტიკულ ატმოსფეროს. მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობისთვის განკუთვნილ მუზეუმისთვის მცირე, ოთხოთახიან სივრცეში გვერდიგვერდ არის განთავსებული ქართული ისტორიული მემკვიდრეობისა და მსოფლიოს მხატვრულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. იშვიათია კოლექცია, სადაც ერთად არის თავმოყრილი განსხვავებული ხასიათის, მასალისა და დანიშნულების ექსპონატები.

სახლში ინახება XVIII-XIX საუკუნეების რუსეთისა და დასავლეთ ევროპის დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები. აივაზოვსკის, ვინტერჰარტერის, ზანკოვსკის, რემის, ბაიკოვის, პაევსკის, აკოფიანის, ნეიმანის, ჰოგარტის და სხვათა ნამუშევრები. ფაიფურის მწარმოებელი ცნობილი ქარხნების მიერ დამზადებული ჭურჭლის ნიმუშები: ძმებ კორნილოვების, კუზნეცოვის, ლიმოჟის, გარნერის და სხვა. უძვირფასესი ავეჯი: გამბსი, ბაუერი. მართლმადიდებლური ხატების კოლექცია.

მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XIX საუკუნის პეტერბურგის, ცნობილი ქალბატონის, პუშკინის, გოგოლის, ლერმონიტოვის მეგობრისა და მათი არაერთი ლექსის მუზის, იმპერატორ ნიკოლოზ I -ის კარის, ალექსანდრა ფიოდოროვნას ფრეელინას, ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის სალონის ნივთები, რომლებიც მისმა შვილმა, მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვმა თბილისში ჩამოიტანა.

მუზეუმის კოლექცია მნიშვნელოვანია, იშვიათი და უნიკალური გამოცემებით. ექსპოზიციაში ვხვდებით ძველ გამოცემებს ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ილია ჭავჭავაძის ბარათებს, მიწერილს კოლა ერისთავისადმი, რომელიც იაგორ თამამშევის მეორე შვილიშვილზე, ეკატერინეზე იყო დაქორწინებული. პიანინოს, რომელზეც, თბილისში სმირნოვების ოჯახში სტუმრობის დროს, პეტრე ჩაიკოვსკი და რუბინშტეინი უკრავდნენ. ძველი და ახალი აღთქმის გამოცემებს და ა.შ.

როგორც ცნობილია, XIX- XX საუკუნეებში, ამ სახლის, სტუმრები იყვნენ, ცნობილი ევროპელი, ქართველი და რუსი საზოგადო მოღვაწეები, რომელთა შორისაც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, პეტრე ჩაიკოვსკი და სხვები. 

მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი ამბობს: „დღეს „სმირნოვების მუზეუმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ვთვლი, რომ ეს მუზეუმი ქართველი ერის საგანძურია, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ და აუცილებლად აღვადგინოთ ის გარემო, ტრადიციები, რაც თავის დროზე მიხეილ სმირნოვმა დაამკვიდრა. დაგეგმილი გვაქვს არაერთი ღონისძიება. ამასთან, რეჟისორმა თამარ მახარაძემ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საჩუქრად საქართველოს“ გადაიღო, რომელიც „სმირნოვების მუზეუმის“ და საერთოდ, საქართველოში სმირნოვების ცხოვრებას აღწერს“.

მზევინარ ხუციშვილი

Leave a Reply