სომხეთის სასამართლომ ქოჩარიანი ისევ დააპატიმრა

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მოსამართლის განცხადებით, ქოჩარიანის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით გადახდილი თანხა მისი დაცვის მხარეს დაუბრუნდება, დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება კი ექსპრეზიდენტის ადვოკატებს 15 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

გასული წლის 26 ივლისს ქოჩარიანს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

7 დეკემბერს ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს, მიმდინარე წლის 12 თებერვალს კი მას კიდევ ერთი ბრალდება – დიდი რაოდენობით ქრთამის აღება წაუყენეს.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა. კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმეზე ქოჩარიანთან ერთად ბრალდებულების სტატუსით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი და ყოფილი ვიცეპრემიერი არმენ გევორქიანი ფიგურირებენ.