სომხეთში ხეების უკანონოდ გაჩეხვისთვის სასჯელი გამკაცრდა

სომხეთის მთავრობამ ხეების უკანონოდ გაჩეხვისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივა მოიწონა. თუკი ადრე კანონის ამ მოცემული პუნქტის დარღვევისთვის ადამიანს ჯარიმა ან ორთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა ციხეში ორი წლით შეიძლება მოხვდეს.

ამ წინადადების ინიციატორებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ არსებული სასჯელი – ორი თვით თავისუფლების აღკვეთა – საკმარისად მკაცრი არ იყო, ამიტომაც ხეების უკანონოდ ჭრა გრძელდებოდა. სავარაუდოდ, კანონის გამკაცრებამ პრობლემის გადაჭრას უნდა უშველოს.

სომხეთში ტყეების მასშტაბური გაჩეხვა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი იყო. ბევრისთვის გათბობის ერთადერთ საშუალებას სწორედ ხე-ტყე წარმოადგენდა. შედეგად კი მთელ ქვეყანაში ტყის საფარი საგრძნობლად შემცირდა.

თუმცა, ხეების უკანონოდ ჭრა ახლაც გრძელდება. გასულ წელს სომხეთის მხოლოდ ერთ ტავუშის ოლქში 13 ათასი ხე მოჭრეს.