თამამშევები – თბილისური ოჯახის უცნობი ფაქტები

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სერგო ერიციანის „სომეხი სახელოვანი ბიზნესმენ – ქველმოქმედები“ სერიიდან მორიგი წიგნის – „თამამშიანცები: მკვიდრი თბილისელების ოჯახი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი  თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ოჯახს ეძღვნება, რომლის სახელსაც არაერთი ქველმოქმედება უკავშირდება, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ ძალიან მწირია. როგორც ცნობილია გაბრიელ თამამშევი დიდი წარმატებით მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში. მის სახელს უკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების, წყალგამტარი სისტემის აშენება. მან აგრეთვე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული პრობლემების და სოციალური საკითხების გადაწყვეტაში.

საქართველოში მცხოვრები სომეხი მეცენატი, პირველი გილდიის ვაჭარი, კომერციული მრჩეველი, სტანისლავ III–ის ორდენის კავალერი, სტავროპოლის და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. მისი სახსრებით აშენდა თბილისში ოპერის თეატრის პირველი შენობა, რომელსაც საძირკველი 1847 წლის 15 აპრილს ჩაეყარა. შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი. მეფის ხაზინა უარს ამბობდა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს, გაბრიელ თამამშევს მიმართეს წინადადებით ჩაედო თანხა თეატრის მშენებლობაში, რის სანაცვლოდ შენობის დიდ ნაწილში სავაჭროები მოთავსდებოდა. ამასთან, მაღაზიები მის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა.

თამამშევი ეწეოდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა ხელმოკლე ხელოვანებს და პედაგოგებს. მისი სახსრებით აშენდა აგრეთვე თბილისის თაღი, რომელიც აღმოსავლეთის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. მან სიცოცხლეშივე თავისი ბიბლიოთეკა, 41000 წიგნი საჩუქრად გადასცა ქალაქს, რითაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თამამშევის სახელს უკავშირდება თბილისში „სმირნოვების მუზეუმი“. სახლი, სადაც „სმირნოვების მუზეუმია“ განთავსებული, მისი დაკვეთით, გერმანელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტით, 1859 წელს აშენდა. თამამშევმა სახლი შვილიშვილს, ლიზას (ელისაბედ) მზითვში გადასაცა, რომელიც ცოლად თბილისში, მთავარმართებლის მოადგილედ, სამუშაოდ გამოგზავნილ  მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვს გაჰყვა.

სერგო ერიციანი წიგნში „თამამშიანცები: მკვიდრი თბილისელების ოჯახი“ მოგვითხრობს, თამამშევების არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობასაც.

„ჩემი წიგნის მთავარი თემა, ისტორიული ფაქტების აღდგენაა. იმ ფაქტების, რომელთა შესახებაც იციან ან, არ იციან. ან ძალიან ცოტა იციან. მე ბევრი ახალი ფაქტი აღმოვაჩინე და გამოვავლინე. მაგალითად, დღემდე არ იცოდნენ, რომ გაბრიელ თამამშევი კრასნოდარის გარდა, მოსკოვშიც მოღვაწეობდა. ასევე, არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ მან სტავროპოლში საკუთარი სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადასცა. ეს მხოლოდ, მცირედია, რაც ახლა შემიძლია გითხრათ. წიგნში კიდევ არაერთ, ისტორიულად საინტერესო ფაქტების შესახებ ვწერ“, – ამბობს სერგო ერიციანი.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ამავე სახელწოდების „თამამშიანცები: მკვიდრი თბილისელების ოჯახი“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი, რომელიც სერგო ერიციანმა საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში გადაიღო, ოთხი ნაწილისგან შედგება და ასევე გადმოგვცემს თამამშევების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. „მე ჯერ წიგნი დავწერე და შემდეგ ფილმი გადავიღე. წიგნის წერის დროს უფრო თავისუფალი ხარ, ფილმს თავისი ჩარჩოები აქვს. მე არ მინდოდა, ამ ჩარჩოებში მოქცევა“, – ამბობს სერგო ერიციანი.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში გამართული წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება სერგო ერიციანის დაბადების 60 წლისთავს მიეძღვნა.

„ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, რომელიც სამწუხაროდ შესწავლილი არ არის. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი იცნობს თამამშევების კვალს, როგორც სომეხ ერში, ისე ქართველებში. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, ასეთ ნაშრომებს, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიცნობდეთ თამამშევების მიერ დატოვებულ სიმდიდრეს“, – ამბობს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

მზევინარ ხუციშვილი

 

Leave a Reply