თბილისის საკრებულოს დეპუტატობის ბრიტანელი კანდიდატი: მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს

ალიქ მედია თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატს, ბრიტანელ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს ესაუბრა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სმიტი თბილისის საბჭოს პირველი უცხოელი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც საქართველოში  5 წლის წინ ჩამოვიდა.

ბატონო სმით, გთხოვთ რამდენიმე სიტყვით წარადგინეთ თქვენი თავი, საიდან ხართ და რამდენი ხანია რაც ცხოვრობთ საქართველოში?

-მე დიდი ბრიტანეთიდან ვარ, 32 წლის. ძალიან საინტერესოა საქართველოსთან ჩემი ურთიერთობა. ინგლისში ბიბლიოთეკარად ვმუშაობდი, და ძირითადად ახლო აღმოსავლეთი მაინტერესებდა. ერაყის ომის დროს, 2005 წელს, გადავედი ეგვიპტეში და როცა გაიგებდნენ, რომ ბრიტანელი ვიყავი, ცვლიდნენ ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, ტონი ბლერთან მაიგივებდნენ და დამცინოდნენ. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ მე აღარ მინდა ბრიტანელად ყოფნა და დავიწყე ახალი იდენტობის ძიება ევროპის ქვეყნებში, რომელსაც ერაყის კონფლიქტთან არაფერი ექნებოდა საერთო. და ასე შევიტყვე საქართველოზე ვიკიპედიაში და მაშინ მიხეილ სააკაშვილზე, ვისთანაც გავაიგივე ჩემი თავი და მას შემდეგ ყველას ვაცნობ თავს, რომ ვარ საქართველოდან. 2012 წელს გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. არჩევნების შემდეგ გადავწყვიტე თბილისში დარჩენა, სადაც თავდაპირველად ენის ცენტრის მართვა დავიწყე, შემდეგ კი ჟურნალისტობა გადავწყვიტე.

ჩემი პირველი სტატია, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა თბილისის წყალდიდობაზე იყო. ჟურნალისტიკამ საშუალება მომცა გავცნობოდი თბილისის ურბანული განვითარების საკითხებს. კერძოდ, სასამართლოს მიერ გასხვისებული ურბანული მიწების პრობლემებით დავინტერესდი, რომლის შედეგად დავიწყე ურბანული და სამოქალაქო აქტივისტობა. ჯერ მონაწილეობა  დავიწყე აქციებსა და დემონსტრაციებში, მოგვიანებით ორგანიზებას ვუწევდი მსგავს პროტესტს. ამ დროის განმავლობაში დავუკავშირდი საკრებულოს წევრებს, სადაც გავიცანი საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ალაკო ელისაშვილი. მასთან ჩემი კონტაქტების შედეგად გადავწყვიტე გამემეორებინა მისი 2014 წლის მაგალითი და ქალაქ თბილისის საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატი გავხდი.

როდის და როგორ მოიპოვეთ საქართველოს მოქალაქეობა?

-2013 წელს, როდესაც საქართველოში ვიყავი ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მოქალაქეობის განაცხადზე უარი მივიღე. შემდეგ, კვლავ მივმართე 2016 წელს, ხოლო ამ წლის თებერვალში მივიღე ქართული პასპორტი. საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის კანონის თანახმად, მან უნდა იცხოვროს საქართველოში სულ მცირე 5 წლის განმავლობაში და ჰქონდეს მოქალაქეობა. ამ მოთხოვნებს მე შევესაბამები.

თბილისის რომელ უბანში წარადგინეთ თქვენი კანდიდატურა და რა არის თქვენი წინასაარჩევნო ლოზუნგი?

-თბილისის საბურთალოს რაიონის 3 უბნიდან ცენტრალურ უბანში წარვადგინე ჩემი კანდიდატურა. ეს ნაწილი ავირჩიე, რადგან სწორედ აქ იყო თავის დროზე ალეკო ელისაშვილიც. გარდა ამისა, საბურთალოს ამ ნაწილში არსებული პრობლემები ძალიან ახლოს არის ქალაქის ზოგად პრობლემებთან, რის შედეგადაც მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებისთვისაც იქნება სასარგებლო. გარდა ამისა, ჩემმა ბრიტანულმა წარმოშობამ, უმაღლესი განათლებით, შესაძლოა დადებითი როლი იქონიოს საბურთალოელებისთვის. ხოლო პროგრამის მხრივ 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოვყავი: უკანონო მშენებლობა, სატრანსპორტო პრობლემა და ჰაერის დაბინძურება ან გარემოს დაბინძურება.

რომელ ენაზე ატარებთ წინასაარჩევნო შეხვედრებს?

-უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეხვედრების უმრავლესობა კარდაკარში ხალხთან შეხვედრებს გულისხმობს. წინასაარჩევნო კამპანიის ენა მხოლოდ ქართულია, თუმცა ინგლისურ ენაზეც ხშირად ვიღებ ელ-ფოსტას, რომელიც ინგლისურად ვპასუხობს. ბოლო წლებში, სპეციალურად არჩევნებში მონაწილეობისთვის, ქართულის ინტენსიურ გაკვეთილებზე დავდიოდი, რის შედეგადაც ახლა ჩვეულებრივად ვლაპარაკობ და ქართულენოვან მედიასთან ინტერვიუებს ვატარებ სახელმწიფო ენაზე.

თქვენ აღნიშნეთ ტრანსპორტის პრობლემა. თქვენ იმ ადამიანების რიცხვში ხართ, ვისი ნახვაც შეიძლება თბილისის ქუჩებში ველოსიპედით. როგორ მომავალს ხედავთ ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის განვითარების მხრივ?

-უნდა ვთქვა, რომ თბილისში ძნელია ველოსიპედის ტარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადღებით ვარ და ჯერჯერობით არ მქონია ავარიის შემთხვევა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავი საფრთხესთან. ველოსიპედის ინფრასტრუქტურის ნაკლებობის, ხშირად გაუვალი გზებისა და ტროტუარების გამო, მე იძულებული ვარ, რომ ველოსიპედი ხელით გადავატანო მთელ რიგ ადგილებში. სინამდვილეში, შესაძლებელია ველოსიპედის ბილიკების შექმნა და ამ გზით ველოსიპედის გამოყენების წახალისება, ჯერ არ არის ამ ყველაფრის ყოვლისმომცველი პროგრამა, გარდა ზოგიერთი შემთხვევებისა, მაგალითად, ჩემს უბანში, საბურთალოს პეკინის ქუჩაზე რამდენიმე კვირის წინ ველობილიკი გაიხსნა.

რამდენად მაღალია თქვენი თბილისის საკრებულოს წევრად არჩევის შანსები?

-მე ვფიქრობ, რომ არჩევის ალბათობა მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტრუმენტი არ მაქვს და ჩემი წინასაარჩევნო კამპანიას მარტო ვახორციელებ. იმის გათვალისწინებით, რომ რაიონი სადაც კანდიდატურა წარვადგინე, საკმაოდ პატარაა და მე მაქვს შესაძლებლობა პირადად შევხდე ხალხს, კარდაკარ სიარულით შესაძლებელია მოქალაქეების ხმების მიღება. მაინცდამაინც არ შემხვედრია, ჩემი კონკურენტი, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” კანდიდატს მსგავსი გაეკეთებინოს და ადამიანებთან კარდაკარ ევლოს. მე არაფერი მაქვს დასაკარგი და მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ.

Leave a Reply