თეა წულუკიანმა სომეხი კოლეგა ახალქალაქის იუსტიციის სახლის გახსნაზე მოიწვია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ერევანში მიმდინარე ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის ფარგლებში  სომეხ კოლეგას არტაკ ზეინალიანს შეხვდა.

მინისტრებმა იუსტიციის სფეროში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის ტრადიციებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა არტაკ ზეინალიანს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები ამ სფეროებში გამოცდილების გაზიარებისთვის; შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, იუსტიციის სახლები, ერთობლივად გავხსნათ იმისათვის, რომ ჩვენმა კოლეგებმა ადგილზე ნახონ, რაოდენ მნიშვნელოვანია  სერვისების ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, და პირველი ასეთი გახსნა ძალიან მალე იქნება − ჩვენ ერთობლივად გავხსნით ახალქალაქის იუსტიციის სახლს; შევთანხმდით, რომ ქართველი და სომეხი მსჯავრდებულები გადაეცემიან შესაბამის ქვეყნებს, რათა ოჯახებს გაუადვილდეთ კონტაქტი თავიანთ პატიმრებთან სასჯელის მოხდის პერიოდში“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის  პატრონაჟით იმართება. ღონისძიება 7 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები − პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან.