სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ორგანიზაცია “CENN”-ის მიერ დაფინანსებული 8 ინიციატივა შინაარსობრივად, ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებულია, თუმცა მათ ყველაზე მნიშვნელოვანი- ბენეფიციარების ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა აერთიანებთ. ზოგს ცხოვრების ოცნება აუსრულდა, ზოგმა მომავლის მშენებლობა დაიწყო დამოუკიდებლად, შეიცვალა პროფესია, ზოგმა კი- სიბერეში, თანატოლებთან ერთად საყვარელი საქმე აღმოაჩინა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში, “CENN”-ის მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა, ახალციხე, ნინოწმინდა) 4-4 ინიციატივა დაფინანსდა. პროექტის მიზანი იყო სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ეს ინიციატივები თითქოს ერთი ქსელის რგოლებია — თითოეულმა თავის სფეროში, მაგრამ ყველა ერთად მუშაობს საერთო მიზნისთვის- გაძლიერებისა და მომავალი განვითარებისთვის.
ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრი(ახალციხის მუნიციპალიტეტი)
https://www.facebook.com/aliQmedia/videos/1990102631741120
საქართველოში ხანდაზმულთა რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. მაშინ, როცა ახალგაზრდებისთვის უამრავი განვითარების პროგრამა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა არსებობს, ხანდაზმულთათვის მსგავსი სივრცეები საკმაოდ იშვიათია. სწორედ ამ ნაკლმა წარმოშვა ახალციხის ცენტრი „ტოლერანტი“-ს ინიციატივის მთავარი იდეა: შექმნილიყო ადგილი, სადაც ხანდაზმულებს შეეძლებოდათ ახალი უნარების სწავლა, თანატოლებთან კომუნიკაცია და პირადი განვითარება. მით უმეტეს, რომ მსგავსი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პირველად იხსნებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი და პროექტის მენეჯერი, მარიამი ალიქ მედიასთან საუბარში ამბობს- რადგან ეს კონცეპცია ადგილობრივ დონეზე ცნობილი არ არის, ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა ბენეფიციარების შეკრება, შესაბამისად- ინგლისურის გაკვეთილების მიღება გამოაცხადეს ასაკობრივი კატეგორიისთვის. პირველივე “მოსწავლეები” დღემდე ხანდაზმულთა კლუბში ინგლისურს სწავლობენ, უკვე დამოუკიდებლად კითხულობენ და თარგმნიან მოთხრობებს, მეტიც – გეგმავენ იაპონურის სწავლას. ქალებმა შემოქმედებითი საქმიანობაც დაიწყეს- ჯერ მძივების სამკაულების, შემდგომ კი – სანთლების შექმნით.
. ორგანიზაცია “ტოლერანტი”-ის პროეტქი “60+ სოციალური ინტეგრაციის ცენტრი” დღეს არის ერთადერთი სივრცე სამცხე-ჯავახეთი, სადაც ხანდაზმულებს აქვთ შესაძლებლობა გაერთიანდნენ, დაესწრონ სხვადასხვა გაკვეთილებს, როგორიცაა ინგლისური, მძივებით სამკაულების დამზადება, სანთლების გაკეთება. აპირებენ ასევე იაპონურის დამატებას. გარდა ამ ყველაფერისა, ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან, გადიან ქალაქგარეთ ექსკურსიებზე, გამოცდილებას უზიარებენ სხვა ქალაქების კლუბებს.

“ვხალისობთ, საინტერესოა, შემოქმედებითია, ყველაზე მთავარი კი სოციუმია. პატარა ქალაქში ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა აქ სხვა კუთხით ვიცნობთ ერთმანეთს. ის, რომ რაღაცა სამეცადინო გვაქვს, გასავლელი გვაქვს, ერთად სხვა სფეროში გადავედით, ცხოვრება შეგვცვალა.”,- ამბობს 60 წლის ქალბატონი ია, რომელიც სწორედ აქ დაუბრუნდა საყვარელ საქმეს,ხატვასა და მძივების სამკაულების შექმნას, მალე დუბაიში აპირებს გამოფენაზე მისი ნამუშევრების გატანას. საკუთარი მაღაზიაც აქვს და თავის ნამუშევრებს იქაც ყიდის.
“მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, სკოლის დამთავრების შემდეგ არ გავჩერებულვარ. არც შაბათი კვირა მქონდა, არაფერი… არ მქონდა საშუალება, რომ რამე მეკეთებინა. შემდგომ გავედი პენსიაზე, გამომიჩნდა თავისუფალი დრო და ცირამ შემოგვთავაზა, რომ არის ასეთი ცენტრი. ამ სამკაულების კეთება ჩემნაირი ხალხისთვის არის რელაქსაცია, სასწაული სიამოვნებაა. სამკაულებიდან სანთლის ჩამოსხმაზე გადავედით. უამრავი ყალიბი გვაქვს უკვე, შევისწავლეთ სურნელებისა და ფერების დაყენება. ვერც კი ვინატრებდით ოდესმე, რომ შეგვეძლო ასეთი შესაძლებლობა გვქონოდა”, – ამბობს გოზალიშვილი ზაირა და ამატებს, რომ ცხოვრება სხვანაირად დაინახა აქ – “სამსახურის მიღმა არსებული ცხოვრება, ეს ცენტრი ჩემთვის გამონათება იყოო”.
“ჩვენს ბენეფიციარებს ყველაფერი შევთავაზეთ: ინგლისური, მძივები, მუსიკალური წრეები. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ევროკავშირის ელჩის ვიზიტი. პირველად დაინახეს ნამდვილი ელჩი ცოცხლად: ხელს ართმევდნენ, ეფერებოდნენ, საკუთარი ხელით გაკეთებული ჟოლოს წვენი დაალევინეს. მიხვდნენ, რომ ვიღაცას სჭირდებიან, აინტერესებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – გვიყვება ორგანიზაციის დამფუძნებელი ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, პროექტის დასრულების მიუხედავად, ამ ეტაპისთვის მოხალისეობრივად აგრძელებენ მუშაობას და გეგმავენ სოციალური საწარმოს მოდელზე გადასვლას, რის შედეგადაც სოციალური კლუბის წევრების მიერ დამზადებულ სამკაულების და სანთლების რეალიზაციას შეძლებენ.
როგორც პროექტის მონაწილეებთან, ასევე მის ორგანიზატორებთან საუბარმა დაგვარწმუნა, რომ ადამიანები, რომლებიც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამოთიშულები იყვნენ, სინამდვილეში საოცრად ცოცხლდებიან ასეთ ინიციატივებში ჩართვისას. ისინი პოულობენ ახალ გატაცებებს, იძენენ მეგობრებს, აღადგენენ დაკარგულ კავშირებს და თავიდან ეზიარებიან აქტიურ ცხოვრებას. ეს არამხოლოდ მათ ყოველდღიურობას ანიჭებს ახალ ფერსა და ძალას, არამედ მათ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებსაც აძლევს ახალ ელფერსა და ენერგიას.


ნაბიჯი განვითარებისკენ – ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

“მინდოდა უბრალოდ გარეთ გასვლა, რამე ახლის სწავლა, სოციალიზაცია…” ორგანიზაციის ბენეფიციარი
ბოლნისშიც, ისევე როგორც ახალციხეში, ქალებს ახალი სუნთქვა გაუხსნათ ამ ინიციატივამ. მათ მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი უნარები — ჭრა-კერვაში, გელ-ლაქის გაკეთებასა თუ სოციალური ქსელების მართვაში — განევითარებინათ და პრაქტიკაში გამოეყენებინათ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკომიგრანტ ქალებმა შეძლეს გადაელახათ მხოლოდ დიასახლისობის ჩარჩო, საკუთარი თავი უფრო დამოუკიდებლად ეგრძნოთ, თემში ახალი ინიციატივები წამოეწყოთ და თანდათან ეკონომიკურადაც გაძლიერებულიყვნენ. ეს ცვლილება მათ ცხოვრებაში არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ თვითრწმენისა და მრავალფეროვანი ცხოვრების წყაროდ იქცა.
სოფელი დისველიდან, 55 წლის ჟუჟუნა აბულაძე, ჭრა-კერვის ბენეფიციარი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კურსზე სიარულის შედეგად, ახალი საყვარელი საქმე გაიჩინნა და ბავშვივით უხარია, როდესაც ვინმე ახსენებს ჭრა-კერვას და სიამოვნებით ეხმარება საკუთარი თემის წარმომადგენლებს. მისივე თქმით, კურსის დაწყებამდე ნემსის აგებაც არ იცოდა, თუმცა ახლა სუფრებს, რანერებს, ჩანთებსა და თეთრეულს კერავს.

“გარდა იმისა, რომ აქ ვსწავლობდით ახალ საქმეს, ერთმანეთი გავიცანით და პირველივე დღიდან ისე შევიყვარეთ ერთმანეთი, სულ გვინდოდა აქ რომ ვყოფილიყავით. უფრო გავხალისდი, ავღმავლდი აქ სიარულით და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ყოველდღიურობაშიც ამ უნარებს ვიყენებ დღეს”, – ამბობს ჟუჟუნა აბულაძე.
იზა მიქელაძის, ჭრა-კერვის კურსის ტრენერის თქმით, ეს იყო პირველი სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტებისა და მრავალშვილიანი დედების ჯგუფი. კმაყოფილია, რადგან კურსში რაც ჰქონდათ, ყველაფერი აითვისეს და გავიდნენ შედეგზე.

“ეს ქალები გაცილებით დიდი მონდომებით დადიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სოფლის და ბოლნისის დამაკავშირებელი ტრანსპორტი არ არსებობს, მაინც, არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ. კვირაში ერთი დღით, მანქანით ჩამოდიოდნენ და ხშირად ხდებოდა, რომ მათი მონდომების ფონზე, 3 საათის მაგივრად, 4 ან მეტი საათი ვჩერდებოდით. გარდა ამისა, ამ იდეის სოფელშიც წაღებასაც აპირებენ, რათა ეს საქმე სოფელშიც გააგრძელონ. იმედი მაქვს, რომ სოფელში პატარა სამკერვალოს შექმნიან, სადაც დასაქმდებიან სოფლის ქალები და თან გაძლიერდებიან”,- ამბობს მიქელაძე.
აქ ქალები ამბობენ, რომ ცხოვრების ოცნება აუსრულდათ, მიეცათ საშუალება შეისწავლონ საყვარელი საქმე და დღე შეივსონ ამ აქტივობებით. პროექტი ბოლნისში ჯერ მიმდინარეობს, და მიუხედავად იმისა, რომ ჭრა-კერვის კურსი დასასრულს მოუახლოვდა, გელ-ლაქის შესწავლის კურსია გამოცხადებული და ქალებს შეუძლიათ ამ მიმართულებითაც განვითარება. ზოგმა, ვინც ერთი კურსი დაამთავრა, მეორეზეც აპირებს მონაწილეობის მიღებას. აქაც, პატარა პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცათ, დაფიქრდნენ სოციალურ საწარმოზე, შექმნან უნიკალური დიზაინის ხელნაკეთი ნივთები და რეალიზაცია მოახდინონ.
სტატიაში განხილული ორი ინიციატივის გარდა, ორგანიზაციის დახმარებით კიდევ 6 განხორციელდა: ინიციატივეი მოიცავს ადრეული ასაკის განვითარებას, სკოლამდელ დაწესებულებებში პერსონალის გადამზადება აუტიზმის ადრეულ
ამოცნობას, ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული (ABA) თერაპიის სერვისის გაუმჯობესებას და ა.შ. ყველა პროექტის მონაწილეები ერთნაირად დადებითად აფასებს ამ ინიციატივებს და ამბობს, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. საბოლოო ჯამში, ამ განსხვავებულ ისტორიებს ერთი რამ აერთიანებს — თითოეულმა მათგანმა ადამიანებს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე მხოლოდ მომსახურება; მათ დაუბრუნა ნდობა, ძალა და მძლავრი განცდა, რომ ცვლილება შესაძლებელია. ეს ინიციატივები პატარა ნაბიჯებია, მაგრამ სწორედ ასეთი ნაბიჯებით ყალიბდება ინკლუზიური და თანასწორი მომავალი რეგიონებში. ფაქტობრივად, “CENN”-ის და ევროკავშირის მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა, რომ ადგილობრივი ინიციატივები იქცეს იმ ძალად, რომელიც ადამიანებს აძლევს შანსს უკეთეს ცხოვრებაზე.