კულტურული ინტეგრაცია ცეკვის მეშვეობით

ახალქალაქის საცეკვაო ანსამბლები საშუალოდ კვირაში ორჯერ სხვადასხვა ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს ინტენსიურ კულტურულ ინტეგრაციას.

9 წლის წინ ახალქალაქის ანსამბლების გაერთიანებამ, სოფლებში საცეკვაო ჯგუფების გახსნა დაიწყო. გაერთიანებაში უკვე 40 ანსამბლი მოქმედებს. კულტურის სახლის დირექტორის – ალიკ ქსპოიანის თქმით, უკვე 20 სოფლის ანსამბლი, სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში იღებს მონაწილეობს.

„თუ ადრე მხოლოდ ანსამბლი  „ჯავახეთი“ არსებობდა, ახლა ჩვენ 40 საცეკვაო ჯგუფი გვყავს. თუ კონკრეტულ ღონისძიებაზე „ჯავახეთი“ ან „მურჯი“ ვერ მიემგზავრება,  ამ ანსამბლების სხვა ჯგუფებით ჩანაცვლება შეგვიძლია.  „ახალ თაობას მზარდი მოთხოვნა აქვს ცეკვების მიმართ“ – ამბობს ალიკ ქსპოიანი.

„ჩვენი ბავშვების 90% -ს თბილისი ჯერ არ უნახავს“- დასძენს კულტურის სახლის დირექტორი. მისი აზრით, ბავშვებს კონკურსების მეშვეობით საშუალება ეძლევათ უფრო კარგად გაიცნონ საქართველო და მისი დედაქალაქი.

ალიკ ქსპოიანი ასევე ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საზღვარგარეთ,  ცეკვის ანსამბლების მიწვევამ იმატა; წელს ისინი ესპანეთში მიიწვიეს, თუმცა ამ ეტაპზე ფინანსური პრრობლემების გამო იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ ამ გასტროლზე.

წელს სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საცეკვაო ჯგუფებმა სოფლებიდან:: ვაჩიანი, ალასტანი, სულდა, ხავეთი, ბარალეტი, სამსარი, ბეჟანო, მაჭატია, არაგვა, კორხი, ვარევანი. ალიკ ქსპოიანი წელს საცეკვაო ჯგუფების გახსნას სხვა სოფლებშიც გეგმავს.  ქარცების, გომანას, ბალხოსა და ხულგუმოს მოზარდებს მალე მიეცემათ საშუალება ცეკვას დაეუფლონ.

ბოლო პერიოდში საცეკვაო ანსამბლების სტრატეგია ოდნავ შეიცვალა – საერთაშორისო ფესტივალებზე „ჯავახეთი“ და „მურჯი“ სხვადასხვა პროგრამით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე – „ჯავახეთი“ სომხური ხალხური ცეკვებით, „მურჯი“ კი – ქართულით.

Leave a Reply