“სამსახურის პოვნის ისტორია”: ნელლი ერემიანი

წარმოგიდგენთ „ალიქ მედიის“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსის სახელწოდებით „სამსახურის ძიების ჩემი წარმატებული/წარუმატებელი ამბავი“ მონაწილეთა ნამუშევრებს. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ნელი იერემიანის მიერ წარმოდგენილ ესსეს.

მე ნელი იერემიანი ვარ, დავიბადე და გავიზარდე ახალქალაქის რაიონის სოფელ აბულში. პროფესიის არჩევისას ძალიან ცვალებადი ვიყავი. როდესაც პროფესიაზე სერიოზულად დაფიქრების დრო დადგა, უკვე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, მაგრამ როგორც იტყვიან, ზოგჯერ გარემოებები ჩვენზე ძლიერია. მინდა გაგაცნოთ ჩემი ისტორია…

თავიდანვე განზრახული მქონდა ერევანში მესწავლა, მაგრამ ჯერ კიდევ არც კი მქონდა გადაწყვეტილი, თუ რომელ უნივერსიტეტში მინდა სწავლა, როცა უკვე ჩემს ირგვლივ მესმოდა შემდეგი: „სომხეთში თუ ისწავლი აქ რა უნდა გააკეთო“, „სომხეთში სწავლის შემთხვევაში, საქართველოში სამსახურს ვერ ნახავ“, „უბრალოდ წელს დაკარგავ“… და აი ასე ოცნებად დარჩა ერევანში სწავლა და რაც მთავარია, პროფესიაც, რომელიც ჩემად მიმაჩნდა – „პლასტიკური ქირურგია“.

წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და მთლად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სომხეთში სწავლის შემთხვევაში სამსახურს ვერ პოულობენ საქართველოში. არასდროს არ არის გვიან ეროვნული ენის შესწავლა. მე უამრავი ნაცნობი მყავს, ვისაც უმაღლესი განათლება სომხეთში აქვს მიღებული, მაგრამ საქართველოში დაბრუნებისას, ქართული ისწავლეს და აქ მუშაობენ.

2018 წელს აბულის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოდ ჩავერიცხე, როგორც ამას ჩვენ სტუდენტები ვუწოდებთ „0 კურსზე“, რაც დიდი გამოწვევა იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. არ ვიცოდით ქართული, ვსწავლობდით.

თავიდან საგაკვეთილო პროცესის 80 პროცენტი ჩვენთვის გაუგებარი იყო და ჩემი აზრით, ყველა ჩვენთაგანს ერთხელ მაინც გვიფიქრია სწავლის შეწყვეტაზე. მეც ვფიქრობდი არ გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმაში თავს ვიკავებდი მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს სურდა თბილისში მესწავლა, და ამასთან ისიც, რომ უფასოდ ვსწავლობდი. მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ავირჩიე ტურიზმის ფაკულტეტი. ვფიქრობ გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს ტურიზმს ქირურგიასთან. ტურიზმი იმიტომ ავირჩიე, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით მეტ-ნაკლებად შეესაბამება ჩემს საყვარელ საქმეს.

პირველ კურსზე, როცა უკვე ქართველებთან ერთად ვსწავლობდით, თანდათან ენაც უფრო მეტად გვესმოდა. შემდეგ პანდემიის გამო ახალქალაქში დავბრუნდით და დაიწყო უფრო რთული პერიოდი – ონლაინ სწავლა, რასთან ადაპტაცია არც ისე იოლი იყო. და დადგა პერიოდი, როცა ყველამ დაიწყო სამსახურის ძებნა, ზოგმა იპოვა, ნაწილმა კი არა. სამწუხაროდ მეც მოვხვდი წარუმატებელთა სიაში.

პანდემიის დროს ორწელიწადნახევარი ვსწავლობდით ონლაინ რეჟიმში. მართალია, ყველანაირად ვცდილობდით, რომ სრული განათლება მიგვეღო, მაგრამ ონლაინ განათლება სრულფასოვანი მაინც ვერ იქნებაოდა. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი სამსახურის პოვნა და სწავლასთან შეთავსება, მაგრამ არ გამომივიდა, იმედგაცრუებული დავრჩი და არც კვლავ ძებნის სურვილი მქონდა.

ამ წარუმატებელი მცდელობების შემდეგ გადავწყვიტე მასწავლებელთა გამოცდები ჩამებარებინა მასწავლებლის ხარისხის მისაღებად. უნივერსიტეტის გამოცდებთან ერთად საგნის გამოცდისთვის მომზადებაც დავიწყე. მე ავირჩიე ბუნებისმეტყველების საგანი. ამ საგანში 29 ქულა, ანუ 7 კრედიტი დავაგროვე, რაც, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, საკმარისი არ იყო. ჩემს თავს დავპირდი, რომ მომავალ წელს უკეთ მოვემზადები და გამოცდას ჩავაბარებ. ეს იყო ის პერიოდი, როცა არაფერი გამომდიოდა და ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მარწმუნებდა, რომ ეს ჩემი ადგილი არ არის.

პანდემიის დასრულების შემდეგ თბილისში დავბრუნდი, სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა. მინდოდა როგორმე დახმარება გამეწია მშობლებისთვის და დამეფარა ჩემი ხარჯები. ეს არის ერთადერთი სამუშაო, რომლის შეთავსება სწავლასთან სტუდენტს შეუძლია. თუმცა მალევე დავტოვე სამსახური, რადგან რთული იყო, მაგრამ იმ დროს უკვე ენის პრობლემა აღარ მქონდა, ხალხთან ქართულად ვახერხებდი კომუნიკაციას.

მე-4 კურსის მე-2 სემესტრი რომ დაიწყო, გავიგე ახალი პროექტის შესახებ და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. ეს საერთოდ არ ეხება ჩემს პროფესიას, მაგრამ გადავწყვიტე ამაში ჩემი ძალები გამომეცადა. „ორენოვანი სწავლება“ არის პროგრამა, რომელიც 1-6 კლასებში სომხურთან ერთად ქართულ ენაზე ითხოვს მოცემული საგნის სწავლებას. პროგრამა მოიცავდა ოთხ საგანს, ისევ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ავირჩიე. ორი თვის განმავლობაში ვესწრებოდი ტრეინინგებს, რომლებიც საკმაოდ რთული იყო.

და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მივიღე სასურველი შედეგი. მომივიდა მოლოცვის შეტყობინება, რომლითაც მაცნობეს, რომ უკვე შერჩეული ვიყავი ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვაპირებ ამ ეტაპზე შეჩერებას.

მართალია, ექიმობის სურვილი ოცნებად დარჩა, მაგრამ მზად ვარ ვიბრძოლო, რომ ჩემი პროფესიით ვიმუშავო. მიმაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც მე უნდა გავაკეთო, რადგან ბავშვებმა პატარაობიდან უფრო მეტად უნდა გამოიყენონ სახელმწიფო ენა, რათა ასეთი სირთულეები არ შეექმნათ. ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით გავაკეთებ და წინ ვივლი წარმატებისკენ, ყველაფერში პოზიტივის დანახვით.

და თუ მკითხველი მომავალი სტუდენტია, ვურჩევ, მხოლოდ გულს მოუსმინე, მხოლოდ შენ იცი, თუ რისი სწავლა გსურს, მხოლოდ შენ. აირჩიე შენი გულის პროფესია და სიყვარულით ისწავლე. პროფესიაში ალტერნატივა არარსებობს, აირჩიე ის, რაც შენ გინდა.

ავტორი: ნელი იერემიანი, 22 წლის

ახალქალაქი, სოფ. აბული