ჩემი სოფელი – კათნატური

წარმოგიდგენთ კონკურსში წარსადგენი ესეს პირველ თემას: “ჩემი სოფელი” კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებს, და არა მარტო მათ. გამოგვიგზავნეთ ესეე თქვენი სოფლის შესახებ და მას განვათავსებთ ჩვენს ინტერნენტ და Facebook გვერდებზე. საუკეთესო ნაშრომების ავტორებს “ალიქ მედია” სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

“გამარჯობა, მე ვცხოვრობ სოფელ კათნატუში, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

სოფელს აქვს ორი მთავარი გზა, რომელთაგან ერთი მეზობელ სოფელს, ხოლო მეორე, ქალაქ ნინოწმინდას უკავშირდება. სოფელი გამორჩეული ბუნებით არ ხასიათდება, მაგრამ ლამაზია მისი მთაგორიანი რელიეფით.

სოფლიდან მოჩანს ჯავახეთის მთები, მათ შორის აბულის მთა. სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ასევე მთა “ელდოღდი”, სადაც მდებარეობს შვიდი წმინდა ადგილი. ამ მთაზე იზრდება განსაკუთებული მოცხარი, რომელსაც ადგილობრივები “ჰალფლუკს” უწოდებენ. ეს მოცხარი გამორჩეულია მისი არომატით. მისგან მაცხოვრებლები კომპოტსა და მურაბას აკეთებენ. “ჰალფლუკის” კრეფის სეზონი ივლისიდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ამ მთაზე არის ასევე ბუნებრივი, ცივი წყარო, რომელსაც გამორჩეული გემო აქვს. მთაზე იზრდება სპეციალური, სამკურნალო მცენარეები და გამორჩეული ყვავილები, მათ შორის “კოკონი” და “ფისიკი”. “კოკონს” თეთრი ფერის, მაღალი ყვავილია, ხოლო “ფისიკი” დაბალი და იისფერი.

სოფელში მხოლოდ ეთნიკურად სომეხი 300 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მე-18 მე-19 საუკუნეებში დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ თვითონ სოფელი 1928 წელს დაარსდა. ადგილობრივები აქ ჯავახეთის სხვა სოფლებიდან დასახლდნენ, მათ შორის აბულიდან, უჯმანიდან და თორიიდან. სოფელში მოსახერხებელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება და ადგილობრივებს აქვთ ფერმები და მცირე საწარმოები. აქ მოჰყავთ კარტოფილი და სხვადასხვა მარცვლეული.

ჩვენს სოფელს ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა. აქ ყველაფერი ულამაზესია. თუ გექნებათ საშუალება შეგიძლიათ გვეწვიოთ თქვენც.”

ავტორი – რუბენ ჰაკობიან