ერევანი საღამოს მასობრივი შეკრებისთვის და ხვალინდელი არჩევნებისთვის ემზადება

ერევანში დღეს საღამოს, პრემიერ-მინისტრის არჩევნებამდე, რესპუბლიკის მოედანზე მოკლე აქცია გაიმართება , სადაც სიტყვით გამოვა მსოფლიო ცნობილი System of a Down-ის ვოკალისტი სერჟ თანკიანი, რომელიც ამ დროისთვის ერევანში იქნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი Facebook- ზე წერს, რომ იგი აეროპორტში სერჟ თანკიანს შეხვდება საღამოს 8 საათისთვის და შემდეგ ერთად რესპუბლიკის მოედანზე გაემართებიან, სადაც ისინი, სავარაუდოდ, 9 საათისთვის სიტყვით გამოვლენ.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ აქციის დროს პოლიცია დაიცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

“მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სრული ძმობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო ჩამოყალიბდება”, – ამბობს ფაშინიანი.

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკის მოედანზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იქნება.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის არჩევნებს, რომელიც ხვალ, 8 მაისს არის დაგეგმილი, ფაშინიანის ვარაუდით, არ არსებობს ნიშანი, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევნები არ ჩატარდება.

“ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წავა. ეროვნული კრება ხალხის მიერ წარდგენილ კანდიდატს აირჩევს პრემიერ-მინისტრად, რის შემდეგ, ისევ რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, იმედია, ყველა დილით შეიკრიბება და არჩევნების პროცესს ადევნებს თვალს. თუ რამე საგანგებო მოხდება, მე შეგატყობინებთ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მანამდე, სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რომელიც ცოტახნის წინ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა 6 დღეში ხალხის ზეწოლის შედეგად გადადგა, შეხვდება მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც გადაწყვეტენ დაუჭერენ თუ არა მხარს ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას.

Leave a Reply