სალომე ზურაბიშვილი სომხებს: “ერთმა პრეზიდენტმა ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თუმცა თქვენ არ მოგცათ”

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრისას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხზე ისაუბრა. „ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ“, – მიმართა ნინოწმინდაში შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, აქამდე მოქალაქეობას მხოლოდ პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო მისი ინიციატივა იყო ორმაგი მოქალაქეობის საკითხი და ამის შედეგად, ეთნიკური სომხებიც შეძლებენ ერთდროულად საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეობას. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ იქაურმა მოსახლეობამ „ელამენტარული ქართულით ისაუბროს“.

„კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მე ვიქნები, როგორც თქვენი პრეზიდენტი, ამ კუთხით თქვენი დამცველი, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თქვენთვის სახელმწიფო გზები იყოს ღია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ერთ-ერთმა წინა პრეზიდენტმა ბევრ თურქს მისცა მოქალაქეობა, ეთნიკურად სომხებს კი არ დაურიგა.

„ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მისი წარმომადგენელი არის დღეს ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა.

მე დავიწყე მუშაობა რამდენიმე წლის წინ, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარი დეპუტატი, ორმაგი მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა – ორმაგი მოქალაქეობა იყოს თუ არა ოფიციალურად აღიარებული, ყოველ შემთხვევაში ნებადართული“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეკრებილებს.