ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სპორტსმენები “ლეგიონერებად” აღარ ჩაითვლებიან

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სპორტსმენები “ლეგიონერებად აღარ ჩაითვლებიან. გადაწყვეტილებას  შეიძლება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი მოჰყვეს.

ევრაზიის ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების სპორტსმენები ამ ორგანიზაციის ფარგლებში „უცხოელებად“ აღარ ჩაითვლებიან   და არ ექნებათ „ლეგიონერის“ სახელი. შესაბამისად, რაოდენობრივი შეზღუდვები მათზე არ გავრცელდება.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საბჭოს გადაწყვეტილება ოფიციალურად გავრცელდება რუსეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, სომხეთში და ყირგიზეთში.

„ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების ხელმოწერისას, სახელმწიფოები ვალდებულნი გახდნენ არ გამოიყენონ ის შეზღუდვები, რომლებიც ეროვნულ ბაზარს ეხება და განმტკიცებულია კანონმდებლობით” –  განაცხადა კოლეგიის შიდა ბაზრის, საინფორმაციო და ტექნოლოგიურ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა, კარინე მინასიანმა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, წევრ-ქვეყნებს ათი სამუშაო დღე ეძლევათ, რათა ანგარიში ჩააბარონ ე.წ. „დაბრკოლებების გაუქმების შესახებ“.

როგორც იუწყება “ინტერფაქსი”, ეს იმას ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები, მაგალითად, ბელორუსი ფეხბურთელები რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ლეგიონერებად არ ჩაითვლებიან და მწვრთნელებს , რაოდენობრივი შეზღუდვების გარეშე გაუადვილდებათ მუშაობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს არა მარტო ფეხბურთზე, არამედ სპორტის სხვა სახეობების  განვითარებაზეც. ერთის მხრივ ,სპორტსმენებს საშუალება მიეცემათ უფრო მდიდარ კლუბებში გადავიდნენ  და ითამაშონ უფრო ხელსაყრელ პირობებში. მეორეს მხრივ, არც თუ ისე მიდარი ქვეყნების სპორტსმენების მიგრაციამ, შესაძლოა  უინტერესო გახადოს ჩემპიონატები.

Leave a Reply