ახალი კულტურული კერა რუსთავში

ქალაქ რუსთავს, რომელიც დღეს ცნობილია თავისი ავტობაზრით, ხოლო სსრკ-ს პერიოდში თავისი მეტალურგიული ქარხნით,  დღეიდან გრიგორ ნარეკაცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი შეემატა. რუსთავის 3000-იან სომხურ მოსახლეობას არასდროს ჰქონია თავისი ეკლესია და  სკოლა.

13 მაისს ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართა, რომელსაც სომეხთა ეპარქიის ეპისკოპოსი ,ვაზგენ მირზახანიანი ესწრებოდა. ახალ სომხურ ცენტრში ხაჩქარიც იქნება და  ყოველკვირეული წირვები ჩატარდება. ასევე იფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც სომხური ენის, ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები ჩატარდება. ცენტრის ხელმძღვანელი მამა ნარეკ ღუშჩიანი იქება.

“ცენტრში რუსთავის სომხები შეძლებენ სრულყოფილ სომხებად იგრძნონ თავი. ენთუზიაზმი დიდია, ვიმედოვნებთ, რომ ეს ენთუზიაზმი გაგრძელდება იქამდე,  სანამ უკანასკნელი რუსთაველი სომეხი ილაპარაკებს, დაწერს და იმღერებს სომხურად. თუ შესაძლებლობა გვექნა შეიძლება საბავშვო ბაღიც გავხსნათ, საზაფხულო ბანაკი შევქმნათ, უამრავი გეგმა გვაქვს“,- ალიქ მედიასთან საუბარში განაცხადა მან.

სათვისტომოში ბევრს სურს აქტიურობა. გახსნის დღეს მოუთმენლად ელოდებოდნენ, ემზადებოდნენ, პატარებმა სომხური ლექსებიც კი ისწავლეს. სახლში სომხურად საუბრობენ, მაგრამ წერა-კითხვა არც თუ ისე ბევრმა იცის. ზოგმა, სომხური, წლების წინ ქალაქში მოქმედ საკვირაო სკოლაში ისწავლა.

 „ძალიან ვგრძნობდი ისეთი დაწესებულების საჭიროებას, სადაც თავს, როგორც საკუთარ სახლში ვიგრძნობდი“,– ამბობს ცენტრის ახალგაზრდა აქტივისტისტი ქრისტინა თიაბიანი.

ლუსინე დავთიანი, სომხეთიდანაა, გათხოვილია რუსთავში. მან შვილები შეიყვანა ცენტრში, ამბობს, რომ ყოველთვის სურდა ეკლესია ჰქონოდა, ტრადიციები და კულტურა შეენარჩუნებინა სხვა ქვეყანაში.

ახლადგახსილი ცენტრის ახალგაზრდებს, თბილისის “ჰაიარტუნ” ცენტრიდან ჩამოსულმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა მისცეს მაგალითი. მამა ნარეკი კი ირწმუნება, რომ სულ ახლო მომავალში გრიგორ ნარეკაცის სახელობის ჯგუფის მოღვაწეობის შედეგებსაც ვნახავთ.

აღსანიშნავია, რომ, სომხური კულტურული ცენტრები ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში.

Leave a Reply