ემიგრანტთა პოეზიის საღამო “მერცხლების გადმოფრენა” (ფოტო)

2019 წლის 31 მაისს, თბილისის მწერალთა სახლში ემიგრანტთა პოეზიის საღამო “მერცხლების გადმოფრენა” გაიმართა. ყოველი წლის მაისში, უკვე ტრადიციად ქცეული ამ ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ერთგული მეგობრები, ხათუნა შავგულიძე (ინგლისი) ნინო სპანდერაშვილი (სომხეთი) და ზურაბ პაპიაშვილი (აზერბაიჯანი, ისტორიული ჰერეთი).

საღამო საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს მიეძღვნა. იგი ემიგრანტთა პოეზიის წარმოჩენის გარდა, მიზნად ისახავდა ემიგრანტთა გაერთიანებას, ემიგრანტ და ადგილობრივ ქართველთა შორის სამშობლოს სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას.

ამ სამეულმა საქართველოს სიყვარულით აზვირთებული პოეზიით საკუთარ კერას მონატრებული ათასობთ ემიგრანტის სათქმელი გააჟღერა. მათ, ისევე, როგორც ნებით თუ უნებლიეთ სამშობლოს მოწყვეტილ 21-ე საუკუნის სხვა მრავალ ემიგრანტს, ღრმად სწამთ, რომ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა, რომ ისინი უცხო ქვეყანაში საქართველოს დესპანები არიან და ცნობიერებით არასდროს სწყვეტენ კავშირს საქართველოსთან.

ბრძნული ქართული ანდაზის „სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე” მიუხედავად, სამეული ყველგან ქართული ქუდით დადის, ქუდით რომელიც ქართული სინდისისგან, წინაპართა და საკუთარი ღირსებით არის შეკერილი. სწორედ ასეთი ღირსებითაა აღსავსე მათი სულშიჩამწვდომი პოეზია, რომელსაც დიდი მღელვარებით უსმენდა გადაჭედილი დარბაზი.

ხატოვნად წაკითხულ ტკივილჩაქსოვილ ლექსებს შორის გამოირჩეოდა ლექსები მიძღვნილი აფხაზეთიდან დევნილებისადმი (ნინო სპანდერაშვილი), დავით გარეჯის მოვლენებისადმი (ხათუნა შავგულიძე), ჰერეთისადმი (ზურაბ პაპიაშვილი). ემიგრანტმა პოეტებმა საკუთარ ლექსებთან ერთად წარმოადგინეს მსოფლიო კლასიკოსთა პოეტური თარგმანები. საღამო მუსიკალურად გააფორმა ნეკა ბაკურაძემ, დამსწრე საზოგადოება მოხიბლა ასევე ნეკა ბაკურაძის და ზურაბ პაპიაშვილის მშვენიერმა დუეტებმა.

„გადმოფრენილმა მერცხლებმა“ თვალნათლივ წარმოაჩინეს ქართველების ერთად დგომის სიძლიერე, გულით ნატარები სიყვარულით გაასხივოსნეს და გაათბეს მწერალთა სახლი და უეჭველია, რომ ისინი უცხო ზეცის ქვეშ არ დაიშურებენ ძალ-ღონეს, რათა ჩვენი სახელოვანი წინაპრების მსგავსად მოუხვეჭონ სახელი ჩვენს მრავალჭირნახულ ქვეყანას.