ირაკლი კაკაბაძე: დღეს მე სომეხი ვარ!

დამიანის უფლებათა დამცველი, კონფლიქტოლოგი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე თავის ფეისბუქის გვერდზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

კაკაბაძე წერს: “მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ პოლიტიკური სეზონის წინა პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს უკვე თითქმის ყოველ წელს, იმისათვის რომ საქართველოში გარკვეული ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირება გამოიწვიოს, არანაირი რეალური საფუძველი არა აქვს. შარშან და შარშანწინ ჩვენ ვხედავდით ამის მაგალითებს მარნეულის რაიონში აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან მიმართებაში.

ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ რომ აშკარად ხელოვნურად მოხდა კუმურდოში ძალიან მგრძნობიარე თემის წამოწევა ისევ და ისევ ადგილობრივი არჩევნების წინ. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ცდილობს გარკვეული ქულები დააგროვოს ან ეთნიკურ უმცირესობაში ანაც კიდევ უარესი, ადგილობრივი ნაციონალიზმის წახალისებით – თუმცა ამ ფაქტს სამწუხაროდ ასეთი სუნი ასდის. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ სხვადასხვა იმპერიული ინტერესები ხშირად ცდილობენ ერთმანეთს წაკიდონ კავკასიელი ერები და ამის ხარჯზე მონოპოლია მოიპოვონ კავკასიაში არსებულ რესურსებზე. ასეთი შემთხვევები ჩვენ უკვე უხვად ვნახეთ 1988 წლის მერე.

მე ვფიქრობ, ჩვენ განსაკუთრებული სულიერი სიმწიფე და სინატიფე გვმართებს ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, რადგან ჩვენი ისტორია ასეა გადაჯაჭვული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთზე ხანდახან გაბრაზებულებიც ვყოფილვართ – მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩვენი ერების ისტორია არის მჭიდროდ დაკავშირებული. ქართველები და სომხები – ერთმანეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ და არც უნდა ვიცხოვროთ – და ამ კავშირზე ავაგოთ საერთო კავკასიური ერთობა. კავკასიის სიძლიერე არის ჩვენი ერთად ყოფნა და ურთიერთპატივისცემა. ჩვენი საერთო კულტურის საფუძველი არის ‘ხელგაშლილი’ კულტურა – რუსთაველის, საიათნოვას, ვაჟა ფშაველას, ჰოვანეს თუმანიანის და უამრავი სხვა დიდი მოღვაწის ნაკვალევზე.

მე პირადად დიდი ბედნიერება მქონდა, რომ გავიზარდე სოლოლაკში, სადაც სომხური ენა პრაქტიკულად მეორე სახელმწიფო ენა იყო (და იმედი მაქვს კიდევ არის) და სადაც ჩვენ ერთი ღირებულებების ქვეშ ვიზრდებოდით. ყველა საუბარი ეგრეთწოდებული ‘სეპარატიზმის’ შესახებ არის თითიდან გამოწოვილი. დღეს სომხეთს სჭირდება ერთიანი და ძლიერი საქართველო, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ძლიერი სომხეთი. და ორთავე ჩვენგანს სჭირდება ძლიერი კავკასიური სახლი. ჩვენ ერთიანი კავკასიისთვის ვმუშაობთ ერთად. ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ წინ. და ორივე ჩვენი ერი უნდა ფიქრობდეს აგრეთვე იმაზე რომ მეტი ქართველი და სომეხი ცხოვრობდეს კავკასიაში – რადგან უკანასკნელი 25 წელია ორივე ჩვენს ერს კლება გვაქვს და ამიტომაც გვჭირდება ერთად დგომა.

მე მინდა ყველა პოლიტიკოსს შევახსენო და ვთხოვო რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ფრთხილად ვიყოთ ასეთ თემებთან და ხელი არ შევუწყოთ ხელოვნურ დაპირისპირებებს. ჩვენ უნდა ერთად ვიმუშავოთ იმისათვის რომ კავკასია ისევ გაერთიანდეს და რომ ისევ აჟღერდეს საიათნოვას, იოსებ გრიშაშვილის, იეთიმ გურჟის, სუნდუკიანის და სხვების ხმები – რომლებიც ჩვენ ყოველთვის გვჭირდება. დღეს, მე ვარ სომეხი და მე მეამაყება, რომ სოლოლაკში გავიზარდე და ჩარენცის ენა ბავშვობიდან მესმოდა”.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს , სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებს სურდათ მე-10 საუკუნის ეკლესიის ეზოში, სადაც მათი წინაპრების საფლავებია, ხაჩქარის(ქვის ჯვარი) დადგმა, მაგრამ პოლიციელებმა ისინი ეკლესიის ეზოში არ შეუშვეს.

Leave a Reply