ლამბალოში გატაცებული 17 წლის გოგო იპოვეს

სოფელ ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგო იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 17 წლის გოგო მარნეული მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.

ლამბალოში გატაცებულ 17 წლის გოგოს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც “ნეტგაზეთს” გატაცებულის ნათესავმა, ქაზანფარ მამედოვმა 15 ოქტომბერს უთხრა, ოჯახმა გოგოს შესახებ არაფერი იცის: “გვინდა, რომ გამოაჩინონ, პირველ რიგში. ვნახოთ, რომ კარგად არის ფიზიკურად”, – ამბობს მამედოვი. მოტაცებამდე ცოტა ხნით ადრე მოზარდი სკოლიდან სახლში დაბრუნდა. ინციდენტის დროს სახლში 12 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახი და პოლიცია გოგოს ამ დრომდე ეძებს.

“საღამოს, ექვსი საათი ან შვიდის თხუთმეტი წუთი იყო დაახლოებით, რომ დამირეკეს. სახლში სკოლიდან დაბრუნდა და საჭმელს ჭამდა პატარა დასთან ერთად. მამაც სახლში ყოფილა, მაგრამ რომ გავიდა სახლიდან, გარეთ უთვალთვალებდნენ თურმე. როგორც კი გავიდა და მოშორდა სახლს, შევარდნენ სახლში და გამოათრიეს. იმის მერე არც არავის უნახავს და არც ვიცით, [სად არის]. მთელი ღამე პოლიცია ეძებდა და ჩვენც ვეძებდით, მაგრამ ვერ მივაგენით კვალს”, – ამბობს ქაზანფარ მამედოვი.