ლაპშინის მხარდამჭერთა აქცია

დღეს ახლქალაქში რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე  ა.ლაპშინის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ალექსანდრე ლაპშინი ბაქოს მოთხოვნით ბელორუსიის ტერიტორიაზე დააპატიმრეს და ის  ექსტრადირებულ იქნა აზერბაიჯანში. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, 15 წუთი გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ბლოგერის გათავისუფლება მოითხოვეს.

“ჩვენ გვინდა, რომ ლაპშინი გათავისუფლდეს. დღეს ამ ნაბიჯით ჩვენ მის დაცვას ვცდილობთ “, –განაცხადა აქციის მონაწილე არმენ მეღრამიანმა.

 “ჩვენი მიზანია,  ეს ადამიანი გაათავისუფლონ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მყოფ სომხებს გვინდა ერთად ვიყოთ და დავიცვათ იგი “, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც სახელი არ გაამხილა . ხოლო კითხვაზე, თუ ვინ არის ალექსანდრე ლაპშინი, ამ უკანასკნელმა შემდეგნაირად გვიპასუხა : “მე არ ვიცი, იგი ადამიანია, რომელიც დაიჭირეს”.

აქციის ინიციატორი და ორგანიზატორები, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საბჭოს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

“საბჭომ ახალგაზრდებისგან ბევრი საჩივარი მიიღო იმის თაობაზე, რომ სოლიდარობის აქციები მთელს მსოფლიოში იმართება,  ჩვენთან კი არა. აქ თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებსაც სომხეთის მეორე რესპუბლიკასთან აქვთ კავშირი და მისვლა-მოსვლა უნდათ. დღეს ისინი კითხვას სვამენ, შესაძლოა თუ არა ყარაბაღში ჩასვლისას ისინიც დააპატიმრონ?” –  განაცხადა საბჭოს კოორდინატორმა, არტაკ გაბრიელიანმა. აღსანიშნავია, რომ მშვიდობიანი მიტინგი სანქცირებული იყო ხელისუფლების მიერ.

რუსეთის ფედერაციის და ისრაელის მოქალაქე ალექსანდრე ლაპშინი 2011 წლის აპრილში და 2012 წლის ოქტომბერში ვიზიტით  მთიან ყარაბაღს ეწვია და  ამის შესახებ თავის ბლოგში დაწერა. აზერბაიჯანულმა პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 281.2 და 318.2 მუხლების შესაბამისად აღძრა, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საჯარო მოწოდებებს და აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.  საინტერესოა, რომ ბლოგერს არაერთხელ უმოგზაურია მთიან ყარაბაღში, რის გამოც 2011 წელს აზერბაიჯანის საგარეო უწყების “შავ სიაში” მოხვდა.

Leave a Reply