მორიგი თავდასხმა ოპოზიციის მხარდამჭერზე ახალქალაქში

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს დააშინოს მოსახლეობა, თუმცა მისი თქმით, ნინოწმინდას და ახალქალაქს მეორე ტურში სწორედ ამ ქმედებების გამო წააგებს.

თავდასხმა ოპოზიციის მხარდამჭერზე რემიკ პოღოსიანზე მას შემდეგ მოხდა, რაც მან კვირას P.S. -ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის ენზელ მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა.  პოსტსკრიპტუმის რესპონდენტი ყვებოდა, როგორ ფლობს ყველა ბიზნესს, რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი ენზელ მკოიანი, როგორ არეგულირებს კარტოფილის ფასს ხელოვნურად, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„მთელმა ქალაქმა იცის, რომ „ზაპრავკები“ მისი ოჯახისაა. ამ კაცმა თქვა, რომ მე თითქოსდა თურქეთის საზღვარს ვკეტავ და თქვენი კარტოფილის ფასი იზრდება და იყიდება.  მერე პირიქით მოხდა. მერე ისე მოხდა, რომ კარტოფილის ფასი დავარდა10 თეთრამდე და ბევრი გაფუჭდა,“- განაცხადა P.S.-თან რემიკ პოღოსიანმა.

ამ ინტერვიუდან ორ დღეში რემიკ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რემიკ პოღოსიანი თავდასხმის შემდეგ მედიასთან ურთიერთობას გაურბის.

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანის სახელი ახალქალაქში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტს უკავშირდება. არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მალევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ შემთხვევაშიც მომხდარში ენზელ მკოიანი ფიგურირებდა. მეტიც, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს შემთხვევის ადგილზე საფულე დაუვარდა, რომელშიც ენზელ მკოიანის ძმის პირადი დოკუმენტები აღმოჩნდა.

მთელი ღამე ახალქალაქში იმყოფებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წევრების გარდა, მათ მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენენ და აშინებენ სამართალდამცავები. ისინი დაზარალებულს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. თავად ენზელ მკოიანი მომხდართან კავშირს უარყოფს.