ნიკოლ ფაშინიანი მზადა არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს

ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ხალხი მოითხოვს.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, რესპუბლიკურ პარტიასთან მოლაპარაკება ხვალიდან დაიწყება. ის დიალოგის წინაპირობად პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, პარლამენტის სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ჩართვას ასახელებს.

„მოლაპარაკება მხოლოდ ამ ფორმატში უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში მას აზრი არ ექნება. ჩვენი დღის წესრიგი უკვე ჩვენ ვიცით. პირველი იყო სერჟ სარგსიანის გადადგომა, ეს უკვე შესრულდა. მეორე არის ის, რომ პრემიერის პოსტზე უნდა დასახელდეს ხალხის კანდიდატი. რესპუბლიკური პარტიის არცერთი წარმომდგენელი არ გახდება არც კანდიდატი და ვერც პრემიერ-მინისტრი. ხვალიდან განვაახლებთ ქმედებებს და იმედი გვაქვს, რომ მმართველი პარტია გააცნობიერებს, რომ საწინააღმდეგოს მოთხოვნას აზრი არა აქვს, არც უნდა შეეცადონ ხელისუფლების შენარჩუნებას,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

“მოლაპარაკების ერთადერთი საკითხი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იქნება. სერჟ სარგსიანი ამბობდა, რომ 7%-იანი ფრაქცია ვერ ილაპარაკებს ხალხის სახელით, მაგრამ ყველა ვნახეთ რაც მოხდა. თურმე, 7 პროცენტი 93-ზე მეტია, ახალი ხუმრობა სომხეთში. ჩვენს მოძრაობას აქვს მოსახლეობის 93 პროცენტის მხარდაჭერა”, – დასძინა მან.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის და რუსეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მიზანია პრობლემების მოგვარება. მთავარი პრობლემა რეგიონს უკავშირდება, მათ შორის, მთიან ყარაბაღს და აზერბაიჯანს. რუსეთი აწვდის იარაღს აზერბაიჯანს და ამით არღვევს ძალთა ბალანსს. ეს არის მთავარი საკითხი, რაც რუს კოლეგებთან უნდა განიხილონ.

თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაშინიანსა და კარაპეტიანს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

Leave a Reply