ფაშინიანის მიერ ყარაბაღზე გაკეთებული განცხადებები აზერბაიჯანს კითხვებს უჩენს

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ბაქოსთვის გაცილებით მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიკმეტ გაჯიევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ახალგამომცხვარი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით უფრო მეტ კითხვას იწვევს, ვიდრე პასუხს. ეს პირველადი გულუბრყვილობაა, საგნის არცოდნა, გამარჯვებულის ყოყოჩობა, თუ ყველაფერი ერთად აღებული, ვნახოთ“, – აღნიშნა გაჯიევმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანი პროცესის დასაწყისში ამბობდა, რომ სომხეთში ჯანსაღი აზრის მქონე ძალების მოსვლის იმედი აქვს, რომელიც ფხიზლად შეაფასებს რეგიონში შექმნილ ვითარებას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევამდე ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ყარაბაღის საკითხის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა იმ პირობით, თუკი მასში მონაწილეობას არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკაც მიიღებს.

Leave a Reply