ოჯახურმა კრებამ „პროფესიების პოფესია“ შეურჩია

ანუშიკ რუმბარიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტია. ეთნიკური უმცირესოებისთვის განკუთვნილი „1+4“ პროგრამა ანუშიკისთვის „1+6“ უდრის. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილმა დამატებითმა 2-მა წელიწადმა მომავალი ექიმი არ შეაშინა.

ანუშიკი სწავლის გაგრძელებას ერევანში აპირებდა, როდესაც მოულოდნელად გაიგო „1+4“ პროგრამის არსებობის შესახებ.

„ბედი იყო და მსგავსი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. პროგრამა „“1+4“ ინტეგრაციის კარგი შესაძლებლობა იყო. ჩვენ, სომხური სოფლების მოსახლეობა, იზოლირებულად ვცხოვრობთ.პირველად, თბილისში ჩამოსვლა და ადაპტირება გამიჭირდა“.

ანუშიკი საუბრობს ასევე პროგრამის უარყოფით მხარეებზე:

„პირველ რიგში არ არსებობდა კონკრეტული პროგრამა, რომლითაც ვისწავლიდით. ასევე, მედიცინასთან დაკავშირებული არაფერი გვისწავლია. რთული კიდევ იმიტომაც იყო, რომ სომხები ერთდ ვიყავით. აზერნაიჯანელებთან ერთად რომ გვესწავლა, ურთიერთობის ენა ქართული იქნებოდა. შეიძლება ითქვას, ქართულის მაგივრად, ჩვენს ლექტორს სომხურრი ვასწავლეთ“.

„1+4“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს ანუშიკი ურჩევს:

„უნდა გაცნობიერებული გქონდეთ მოსალოდნელი სირთულეები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს ისწავლი 1 წლის განმავლობაში. დრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენონ . საჭიროა ასევე გაიცნონ ქართული კულტურა და არავითარ შემთხვევაში არ შერცხვეთ ქართული ენის არცოდნის“.

ექიმების დიდ ნაწილს კარიერის პირველი ნაბიჯები სანიტრის სტატუსში აქვთ გადადგმული, ანუშიკის შემთვევაში, მისი პირველი თანამდებობა პირდაპირ მედდის დამხმარეა.

„პირველ კურსზე პრაქტიკას რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილებაში გავდიოდი. მახსოვს, როდესაც კარებში შევიხედე და დავინახე, რა მდგომარეობაში იყვნენ პაციენტები, ვლოცულობდი, რომ რეანიმაციული განყოფილება არ შემხვედროდა, და ზუსტად ის შემხვდა. დროის განმავლობაში შევეჩვიე, თუმცა პირველი კურსისთვის ძალიან მძიმე იყო“.

ანუშიკს ამ დროისთვის უკვე პირველი ( ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და იაშვილის საბავშვო კლინიკაში უმუშავია. ახლა კი კლინიკა „ტრავმატოლოგის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის პრაქტიკას.

ანუშიკის წარმატებების შესახებ ალიქ მედია კლინიკის დირექტორს, ბუბა შალამბერიძეს გაესაუბრა:

„უკვე 6 თვეა ანუშიკს ვიცნობთ, პასუხისმგებელი და მიზანდასახული პიროვნებაა, ასე თუ გააგრძელა, დარწმუნებული ვარ კარგი სპეციალისტი გახდება“.

ანუშიკი აღიარებს, საავადმყოფოში მუშაობით იღებს არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

„პაციენტებთან ურთიერთობით, მათი დახმარებით, უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრების ყველა წამს. დავიწყე იმის გააზრება, რომ ახლობლების ჯანმრთელობა, თავისთავად ბედნიერებაა“.

Leave a Reply