ოვანეს თუმანიანის სახლი – სომხურ-ქართული მეგობრობის ახალი ხიდი

ამაღლების ქუჩა 18 – ეს არის სახლი, სადაც სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვანეს თუმანიანი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. იგი სოფელ დსეღში დაიბადა. დაწყებითი განათლება იქვე მიიღო. თბილისში ცნობილ ნერსესის სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, ის თბილისში დარჩა.

„ოვანეს თუმანიანი თბილისის ნაწილია. მისი ცხოვრების თითოეული წუთი, მნიშვნელოვანი იყო, როგორც სომეხი, ისე ქართველი ხალხისთვის.

დღეს, მის ფოტოებს რომ ვუყურებთ, გვგონია რომ ძალიან დაღლილი მოხუცი გარდაიცვალა. სინამდვილეში კი 53 წლის იყო. მაგრამ ამ 53 წლის განმავლობაში, მან  ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელი საქმე გააკეთა. გარდა იმისა, რომ ის სომხური ლიტერატურის კლასიკოსია, ასევე, სრულიად სომეხთა პოეტი და დიდი საზოგადო მოღვაწე იყო. ამასთან, ხაზს გავუსმევ, რომ ფასდაუდებელი და შეუფასებელია მისი დამსახურება ქართულ-სომხურ მეგობრობაში. მისი პიროვნება, ამ ორი ერის ერთგვარი მეგობრობის ხიდი იყო. ის ყოველთვის ამბობდა, რომ სომხები და ქართველები, ისე ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული კულტურით, გეოპოლიტიკით რომ, ჩვენ თვითონაც ვერ ვხვდებით. შეიძლება ითქვას, რომ მთელი თავისი ცხოვრება, ქართველების და სომხების ურთიერთმეგობრობას მიუძღვნა. ამიტომ ვთვლით რომ, მისი ღვაწლი დიდი და მნიშვნელოვანია, როგორც სომხებისთვის, ისე ქართველებისთვის“, – იგონებს, სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

 

ოვანეს თუმანიანი წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. ცნობილია, მის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი არაერთი ბალადა და ზღაპარი. მაგრამ „შერიგება“, „საქართველოს შესახებ“, „საქართველოს სული“, „საქართველოს პოეტებს“, ეს ის მცირე ჩამონათვალია ოვანეს თუმანიანის შემოქმედებიდან, რაც მან საქართველოს, სომხურ-ქართულ ურთიერთობებს და მეგობრობას მიუძღვნა.

„მან ძალიან ბევრი ლექსი მიუძღვნა საქართველოს. ამის ნათელი მაგალითია, ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის თარგმანები, რომლებიც ოვანეს თუმანიანის ლექსების ორიგინალებს არ ჩამოუვარდება.

პირადად მე, თეატრალურ ინსტიტუტში გავეცანი ამ თარგმანებს და გაოცებული ვარ, როგორ შეძლო გრიშაშვილმა თუმანიანის სულის გადმოცემა“, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.

ოვანეს თუმანიანის ღვაწლი და დამსახურება, საქართველოს სომეხთა ეპარქიამ საზოგადოებას მიმდინარე წლის 5 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეახსენა, როცა ამაღლების ქუჩის 18 ნომერში, წლების შემდეგ, მწერლის სახლ-მუზეუმი, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი გახსნა. როგორც ცნობილია, მწერალი ამ სახლის მესამე სართულზე ოჯახთან ერთად1909-1923 წლებში ცხოვრობდა და მაშინდელი ინტელიგენციისთვის საყვარელი ადგილი იყო, სადაც მიმდინარეობდა ლიტერატურული საუბრები, დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წიგნების, სომხური, ქართული, მსოფლიო ლიტერატურისა და ფოლკლორის ნიმუშების განხილვა. იმ დროს, სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: აღაიანი, კომიტასი, შირვანზადე, ისააკიანი, მარი, იაშვილი, ტაბიძე, გრიშაშვილი, ბრიუსოვი, გოროდეცკი და სხვები.

ოვანეს თუმანიანის გარდაცვალების შემდეგ, სახლში პოეტის ოჯახი ცხოვრობდა. 1953 წელს ბინის ერთ ნაწილში, ოვანეს თუმანიანის სახელობის მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკა გაიხსნა, ნაწილი კი  მწერლის მემკვიდრეებს დარჩათ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისის მერიამ, იმ მიზეზით, რომ ბიბლიოთეკა არ ამართლებდა, ბინა კერძო მესაკუთრეს მიყიდა. მაგრამ 2012 წელს, სომხეთის მწერალთა კავშირის, მაშინდელი თავმჯდომარის ლევონ ანანიანის ინიციატივით და გიუმრის მერის (ამჟამად სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატის) ვარდან ლუკასიანის მხარდაჭერით, ხოლო 2015 წელს ფონდ IDEA-ს მიერ, ბინა მთლიანად გამოსყიდული იქნა და საჩუქრად  საქართველოს სომეხთა ეპარქიას გადაეცა. სახლის სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა ეპარქიის სახსრებით, ასევე ჯინიშიან ხსოვნის ფონდისა და ფონდ IDEA-ს მხარდაჭერით.

საქართველოს სომეხთა ეპარქია მიზნად ისახავს, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, აამოქმედოს ცენტრი და მისი საქმიანობა სხვადსხვა ერების თანამშრომლობის, მეგობრული ურთიერთობების, შემოქმედებითი კავშირების განვითარებისა და გაღრმავებისკენ მიმართოს. ცენტრში გაიმართება ლიტერატურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები, შეიქმნება ეთნოგრაფიის შესწავლისა და განვითარების, სომეხი და ქართველი ხელოვანების მოღვაწეთა კავშირების კერა, იმოქმედებს თოჯინების თეატრი, კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.

„მიუხედავად  იმისა, რომ ყველა ექსპონატი წლების წინ, ერევნის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმს გადაეცა და ჩვენ ამჟამად მისი პირადი ნივთები არ გვაქვს, ეს სახლი მაინც გააგრძელებს მწერლის საქმეს.

ჩვენ შევქმენით ფონდი, რომელიც იმედი გვაქვს თანდათანობით შეივსება. ამასთან, პირველი რაც აქ გაკეთდება, ქართულ ენაზე გამოიცემა ოვანეს თუმანიანის შემოქმედება. ჩვენ ვთვლით, რომ მისი შემოქმედების პოპულარიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს ქართულ საზოგადოებაში. გვაქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა და, სადაც წარმოდგენილია, როგორც სომხური, ისე ქართული ლიტერატურა. ძალიან მალე გაიხსნება თოჯინების თეატრი, რომლის საშუალებითაც საზოგადოება გაეცნობა, როგორც ოვანეს თუმანიანის შემოქმედების პერსონაჟებს, ისე ქართული ზღაპრების გმირებს“, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქია თვლის, რომ ოვანეს თუმანიანის სახლი – სამეცნიერო და კულტურული ცენტრი დროთა განმავლობაში იქცევა, თბილისის ეთნიკური უმცირესობების კულტურული დიალოგის პლატფორმად და, ხელს შეუწყობს საქართველოს სომეხთა სათვისტომოს აქტიურ საქმიანობას.

მზევინარ ხუციშვილი

Leave a Reply