ფაშინიანის მეუღლემ აზერბაიჯანის პირველი ლედი ყარაბაღში მიიწვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ აზერბაიჯანის პირველ ლედის მოულოდნელი წინადადებით მიმართა – სოციალურ ქსელ Telegram-ზე მეჰრიბან ალიევას პოსტის საპასუხოდ, ყარაბაღში ერთად ჩასვლა შესთავაზა. მიწვევაზე ბაქოდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. წერს jam-news.net.

„ჩვენი ერთადერთი ოცნებაა – ყარაბაღული შიკესტეს [აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების – მუღამების ერთ-ერთი სახეობა] ყარაბაღის მიწაზე ერთად მოსმენა!“, – დაწერა 2 დეკემბერს აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ, რომელიც ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

მართალია, პოსტს კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლია, მას 4 დეკემბერს სომხეთის პირველი ლედი გამოეხმაურა.

„მე მეჰრიბან ალიევას არცახში ვიწვევ, და ის ჩვენი სტუმარი იქნება. ჩვენმა ხალხმა – არცახელებმა იციან, თუ როგორ დახვდნენ და პატივი სცენ სტუმრებს… ჩვენ შეგვიძლია მუღამი უზრუნველვყოთ, შეგვიძლია მას ოცნება ავუსრულოთ, და ის თავის საყვარელ მუღამს ყარაბაღში მოისმენს“, – განაცხადა ანნა ჰაკობიანმა, ერევანში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან – „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ – დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

თუმცა, მან თქვა, რომ თუკი ოცნება ყარაბაღში მუღამის მომსასმენად ომის შედეგად  ჩასვლაა – „ამგვარი ოცნება აუხდენელი დარჩება“.

„თუკი ისინი ომს დაიწყებენ, ალბათ ახალი დასახლებული პუნქტები შეიქმნება, სადაც მუღამის მოსმენა მათთვის არარეალურ ოცნებად იქცევა… ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ეს არის მშვიდობა, არცახთან მეგობრული ურთიერთობა და სტუმრის სტატუსით ურთიერთვიზიტები“, – განაცხადა ანნა ჰაკობიანმა.

და დასძინა, რომ მზად არის, საპასუხო ვიზიტით ბაქოში ჩავიდეს.

ანნა ჰაკობიანის სიტყვებზე ჯერჯერობით არც მეჰრობან ალიევას და არც რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის პასუხი არ ყოფილა.