„პოსტ-რევოლუციური“ სომხეთის შესახებ 100 მნიშვნელოვანი ფაქტი. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობაზე 2018 წლის 8 მაისს აირჩიეს. აღნიშნულ პოსტზე მუშაობის ერთი წლის თავზე, მან საზოგადოებისთვის პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც „პოსტ-რევოლუციური“ სომხეთის შესახებ 100 მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ისაუბრა.

საუბრის დროს, ფაშინიანი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საკუთარი საქმიანობის დეტალებს.

საუბარი დაიწყო ქვეყნის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლებზე. არსებული მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 127 მილიონი დოლარით გაიზარდა. გატარებული საკანონმდებლო რეფორმების შედეგად, ქვეყნის 20 ათას მაცხოვრებელს სხვადასხვა ვალები, დავალიანებები და ჯარიმები ჩამოაწერეს. თანხის მოცულობამ 23 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პრემიერის თქმით, ანაზღაურება მოემატა მასწავლებლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციაში ხელფასები 30%-ით გაიზარდა.

ფაშინიანმა ისაუბრა სახელმწიფო თანამდებობის პირების დაკავებებზე და განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რომელიც საკონსტიტუციო წყობის დამხობაშია ბრალდებული.

პრემიერი შეეხო სახელმწიფო კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, დავით სანასარიანის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და განაცხადა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში სხვადასხვა დაპირისპირებული მხარეების არსებობას.

ყარაბაღის საკითხზე საუბრის დროს, დაფიქსირდა, რომ დაძაბული ფონის მიუხედავად სომხური მხარე ცდილობს სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.